ცხოვრება სტრესის გარეშე - 3 ყველაზე მშვიდი ქალაქი მსოფლიოში

ლონდონური კომპანია Zipjet-ის რეიტინგის „ყველაზე ნაკლებად და მეტად სტრესული ქალაქები“ თანახმად, გერმანია ყველაზე ნაკლებად სტრესული ქვეყანაა.

რეიტინგის მიხედვით, სწორედ გერმანული ქალაქები იკავებენ პირველ პოზიციებს იმ ქალაქებს შორის, რომლის მოსახლეობაც ნაკლებად უჩივის სტრესს.

რეიტინგი 4 კატეგორიას - ინფრასტრუქტურა, ქალაქის დაბინძურების დონე, ფინანსები და ქალაქის მცხოვრებლებთა კეთილდღეობა მოიცავს, რომლებიც თავის მხრივ 17 ფაქტორს ითვალისწინებს, მათ შორის მოქალაქეების ფინანსური სტატუსი, დასაქმების მაჩვენებელი, საცობები, ქალაქის გამწვანება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა. რეიტინგში სულ 150 ქალაქი მოხვდა.

პირველი ადგილი გერმანიის ქალაქ შტუტგარტს ერგო. რეიტინგის თანახმად, შტუტგარტში დასაქმების მაღალი მაჩვენებელია, ქალაქის ეკონომიკური ვითარება კი საუკეთესოდ არის შეფასებული. შტუტგარტი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ცენტრია. ქალაქში სათავო ოფისები აქვთ ისეთ კომპანიებს, როგორებიც არის „პორშე“, „დაიმლერი“, IBM და Hewlett-Packard-ი.

მეორე პოზიციაზეა ლუქსემბურგი, სადაც ევროკავშირის ბევრი ორგანიზაციაა თავმოყრილი. ქალაქში ათასამდე საინვესტიციო ფონდი და 200-ზე მეტი ბანკია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. ლუქსემბურგის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 101 936 დოლარია. ამ მაჩვენებლით ლუქსემბურგი მსოფლიოში მეორეა.

მესამე ადგილზეა კიდევ ერთი გერმანული ქალაქი ჰანოვერი, რომლის მოსახლეობაც 515 ათასი ადამიანია. ქალაქის თითქმის ნახევარი თითქმის პარკებსა და რეკრეაციულ ზონებს უკავია.

პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ ბერნი, მიუნხენი, ბორდო, ედინბურგი, სიდნეი და გრაცი.

რაც შეეხება ყველაზე სტრესულ ქალაქებს, რეიტინგის თანახმად, ამ მხრივ პირველი ბაღდადია, რომელსაც ქაბული, ლაგოსი, დაკარი და კაირო მოსდევს.