მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის 4,7 პროცენტიანი რეალური ზრდა დაფიქსირდა

2017 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის 4,7 პროცენტიანი რეალური ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 9 066,1 მლნ ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4,7 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი 5,9 პროცენტით გაიზარდა.

წინასწარი მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (16,7 პროცენტი) და ვაჭრობა (15,2 პროცენტი). შემდგომ მოდის სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,9 პროცენტი), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (9,8 პროცენტი), მშენებლობა (9,4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8,5 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,6 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,8 პროცენტი).

ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (16,4 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (12,9 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (7,4 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7,2 პროცენტი), ტრანსპორტი (7,0 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (6,4 პროცენტი), კავშირგაბმულობა (4,8 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (4,5 პროცენტი). კლება დაფიქსირდა სოფლის მეურნეობაში (-2.4 პროცენტი) და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილებაში (-0,9 პროცენტი).