„რეზონანსი" - საქართველო შეშის იმპორტის წინაშე დგას

საქართველოს ტყეებში შექმნილი რთული ვითარების შემდეგ სპეციალისტები შეშის იმპორტის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ.

გახშირებული ხანძრის გამო ქვეყანაში 100 ჰექტრამდე ფართობი განადგურდა. პირველ რიგში, აუცილებელია საშეშე მასალის მოჭრაზე მორატორიუმის დაწესება, მაგრამ ეს პრაქტიკაში ვერ განხორციელდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, უამრავი რაიონი გაზიფიცირებული არ არის და შეშის დამზადების აკრძალვით მოსახლეობას ზამთარში გათბობის პრობლემა შეექმნება.

ყველა მხრივ გამოუვალი მდგომარეობაა შექმნილი. მძიმედ დაზიანებულ ტყეს აღდგენა სჭირდება, მეორე მხრივ კი ხალხი ზამთარში გათბობის გარეშე ვერ დარჩება. სწორედ ამიტომ სპეციალისტები მთავრობას ამ საკითხის დაუყოვნებლივ განხილვასა და შეშის იმპორტის დაწყებას ურჩევენ.

მეზობელი ქვეყნიდან საქართველოში ხე-ტყის შემოტანის აუცილებლობას ასაბუთებს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მეტყევეთა ასოციაციის პრეზიდენტი თემურ კანდელაკი.

მან "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ტყეში ხის მოჭრის სრულად აკრძალვა დ აგარკვეული პერიოდით მორატორიუმის გამოცხადება შეუძლებელია, მაგრამ ნაწილობრივი შეზღუდვის შემოღება შეიძლება. მაგალითად, შეშის 20% ადგილზე დამზადდეს, დანარჩენი 80% კი იმპორტის სახით შემოვიტანოთ. შიდა რესურსით მოსახლეობის ზამთარში უზრუნველყოფა თანდათან შეუძლებელი ხდება.

"პირადად ვთავაზობ მთავრობას, რომ ხე არ მოიჭრას საქართველოში და შემოიზიდოს რუსეთიდან. მე პირდაპირ ხელს ვადებ ამ ქვეყანას, რადგან ამის რესურსი მას აქვს. ადრე 2.5 მლნ საშეშე მერქანი შემოდიოდა ქვეყანაში, ახმეტისა და სხვა რეგიონების გარდა, რაც მე დაზუსტებით ვიცი, მარაგდებოდა სვანეთიც.

შეშა როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად ფასობს. არ გამოვა, მთლიანად შეწყვიტო ტყეში ხის მოჭრა და მორატორიუმ გამოაცხადო, თუმცა შეგიძლია 20% ადგილზე დავამზადოთ დანარჩენი 80% მეზობელი ქვეყნიდან შემოვიტანოთ.

მორატორიუმ რომ გამოცხადდეს, რას ვუშვრებით რეგიონებს, სადაც გაზი არ აქვთ? ან იმ სოფლებს, სადაც გაზია, თუმცა გლეხს არ შეუძლია ყოველი თვის ბოლოს ამ გადასახადის გადახდა? მე პირადად მარტყოფში მაქვს აგარაკი და ამ მაგალითზე შემიძლია გესაუბროთ, იქ ხალხი გაზს, როგორც თბილისში იყენებენ, ისე ვერ იყენებს. როგორც ჩვენ ვიხდით 50 თეთრს, ისეთი ფასია იქაც, მაგრამ გლეხს მისი გადახდა უჭირს. ამიტომ მათ უნდა შევუწყოთ ხელი", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" კანდელაკმა.

ტყის აღდგენის მიზნით გარკვეული დროის განმავლობაში საშეშე მასალაზე აკრძალვის შემოღებას ემხრობა ეკონომისტი პაატა აროშიძე. მისი აზრით, აკრძალვის პარალელურად უნდა მოხდეს იმ მოსახლეობის სათბობი მასალით უზრუნველყოფა, რომლებიც რეგიონში ცხოვრობენ და ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემაც აქვთ. აროშიძის თქმით, სახელმწიფომ უნდა გაატაროს სწრაფი და რეალური ღონისძიება, რათა ტყე უმიზნოდ გაჩეხვისგან დაიცვას. ამასთან ერთად, მოსახლეობის უკმაყოფილებაც თავიდან აირიდოს.

"პირველ რიგში, აუცილებელია, ვიზრუნოთ დაზიანებული ტერიტორიების აღდგენაზე. არ ვიცი, ბოლო დროს როგორ ინტენსივობით ხდებოდა ტყის გაჩეხვა, თუმცა დარწმუნებული ვარ, მიმდინარეობდა ხე-ტყის არაკანონიერი ჩეხვაც.

როდესაც მორატორიუმი გამოცხადდება, მთლიანად რაღაც პერიოდის განმავლობაში (რასაც დაადგენენ) ტყეს მიეცემა აღდგენის საშუალება. ეს უნდა მოხდეს მთელი საქართველოს მასშტაბით. კონეკრეტულად რომელიმე რეგიონებში თუ ავკრძალავთ საშეშე მასალის დამზადებას, აზრი არ ექნება, რადგან ერთ ლოკალურ ადგილზე რაღაცის აკრძალვა, როდესაც სხვა ტერიტორიაზე დაშვებულია, გამოიწვევს არალეგალური საქმიანობის გავრცობას.

რაღაც პერიოდის განმავლობაში უნდა აიკრძალოს ხის მოჭრა, მაგრამ გაქვს ზამთარში ხალხის სათბობით უზრუნველყოფის პრობლემა. ამასაც შეიძლება რაღაც ვუშველოთ, მაგალითად, მოხდეს მოსახლეობის გაზიფიცირება. იმ რეგიონში, სადაც გაზი არ არის, ხალხს მიეცეს საშუალება, შეღავათიან ფასად შეიყვანოს სახლებში ბუნებრივი აირი. უნდა გამოთვალონ, ოჯახებს, რომლებსაც მატერიალურად უჭირთ, რა რაოდენობის შეშა სჭირდებათ და ზამთრის განმავლობაში თავად სახელმწიფომ უზრუნველყოს მათი მომარაგება, თუნდაც საშეშე მასალით. ბრმად არ უნდა ენდონ ყველას და თუ ტალონებს დაარიგებენ, მკაცრი კონტროლი უნდა განხორციელდეს. ეს უფრო დიდ ეფექტს მოგვცემს.

სხვა მხრივ, ის ფაქტი, რომ საქართველო ტყიანი მასივით გამოირჩევა, სანუგეშო არ არის. გაივლის წლები და უამრავ ადგილას გაიჩეხება ხეები და დარჩება ცარიელი ადგილი. ტყის აღდგენას კი დიდი დრო სჭირდება და თუ დღეიდან არ დაიწყო გარკვეული შეზღუდვა, მშვიდად ვერ ვიქნებით. პირველ ეტაპზე ნუ იქნება სრული აკრძალვა, თუ ასეთი პრობლემაა, მაგრამ აუცილებელია გამკაცრდეს ზომები", - განაცხადა პაატა აროშიძემ.

სპეციალისტების მიერ დასმული კითხვებით, რომლებიც ხის მორატორიუმსა და იმპორტს შეეხება, "ბიზნეს-რეზონანსი" სატყეო დეპარტამენტს დაუკავშირდა. სამწუხაროდ, მათ დროის სიმცირე მოიმიზეზეს და პასუხის გაცემისგან თავი შეიკავეს. სწორედ ამიტომ მათი პოზიცია როგორც მკითხველისთვის, ასევე სპეციალისტებისთვისაც უცნობია.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"