სახელმწიფოს შეძენილი სურსათიდან 70% იმპორტზე მოდის

სახელმწიფო სურსათის შესაძენად წელიწადში 150 მილიონ ლარს ხარჯავს.

ამის შესახებ რადიო „პალიტრის“ გადაცემა „საქმეში“ ოქსფამის სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფთხოების პოლიტიკის პროგრამის მენეჯერმა ლევან დადიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, თანხის დიდი ნაწილი იმპორტირებული საქონლის შეძენას ხმარდება.

”ჩვენ მოვიკვლიეთ და აღმოვაჩინეთ, რომ სახელმწიფო წელიწადში 150 მილიონი ლარის ღირებულების სურსათს ყიდულობს ჯარისთვის, პენიტენციური სისტემისთვის, ჯანდაცვისა და განათლების სისტემებისთვის. აქედან 70% იმპორტირებულია“, - განაცხადა ლევან დადიანმა.

მისივე განცხადებით, მეორე მხრივ, თავად სატენდერო პროცედურები ისეთი მოდალობისაა, რომ ადგილობრივ მეწარმეს არ აძლევს საშუალებას, მონაწილეობა მიიღოს ტენდერში.

„ამდენად, ჩვენი რეკომენდაციები ეხება ძირითადად თავად შესყიდვების პროცედურების სრულყოფას, რათა ადგილობრივი პროდუქციის შესყიდვა მოხდეს,” - აღნიშნა ოქსფამის სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფთხოების პოლიტიკის პროგრამის მენეჯერმა.

იგივე პრობლემაზე გადაცემა „საქმეში“ რამდენიმე დღის წინ მწარმოებელთა ფედერაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავამაც ისაუბრა.

”სახელმწიფო შესყიდვებში, ადგილობრივ წარმოებას, სამწუხაროდ, დიდი წილი არ უკავია. თანხის დიდი ნაწილი ქვეყნის გარეთ გაედინება და ასაქმებს იმ ქვეყნის მოქალაქეებსა და მუშახელს, სადაც ეს ხორციელდება. ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია,” - განაცხადა მან.

თავდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ ორიოდე თვის წინ გადაწყვიტა, რომ ქართული ჯარი მთლიანად იმპორტირებული ხორცითა და სურსათით მოემარაგებინა. ამის მიზეზად თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზმა უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა დაასახელა. მისივე თქმით, ჯარისთვის იმპორტირებული ხორცის მიწოდებას მანამდე არსებული ნორმებიც არ გამორიცხავდა.

სახელმწიფო შესყიდვებში წელიწადში ჯამში 4 მილიარდი ლარი იხარჯება.