მსოფლიოს მშპ-ს მინიმუმ 10% ოფშორულ ბანკებში ინახება

მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) სულ ცოტა 10 პროცენტი, ეგრეთ წოდებულ საგადასახადო თავშესაფრებში, ოფშორული ზონების ბანკებშია განთავსებული.

ამის შესახებ აშშ-ის ეკონომიკის კვლევის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.

ამასთან კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ეს მონაცემებიც არ არის ზუსტი, რადგან ოფშორულ ზონებში ფინანსების კონტროლის საშუალებები პრაქტიკულად არ არსებობს.

კვლევის თანახმად, სიმდიდრის გადინების პროცენტული მაჩვენებელი, ქვეყნებს შორის ძალიან განსხვავებულია. მაგალითად, ოფშორებში ჩინეთის მშპ-ს მხოლოდ რამდენიმე პროცენტია შენახული, ევროპის ქვეყნების საერთო მაჩვენებელი, მშპ-ს 15 პროცენტს აღწევს, სპარსეთის ყურის რეგიონის და ლათინური ამერიკის ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში კი 60 პროცენტი და მეტიც კია. ამავე კვლევის მიხედვით, მსოფლიოს 10 უმდიდრესი ქვეყანა, მსოფლიოს მშპ-ს დაახლოებით ნახევარს განკარგავს.

ოფშორული ბანკები და ქვეყნები, რომლებსაც ხშირად საგადასახადო თავშესაფრებად მოიხსენიებენ, იშვიათად აქვეყნებენ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც კლიენტებსა და მათი ანაბრების მოცულობას ეხება. იმის გარკვევაც კი ძნელია, ოფშორებში შენახული ფული დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებს ეკუთვნით, თუ მდიდრებს განვითარებადი ქვეყნებიდან, რომლებსაც არასტაბილური ეკონომიკა და ინფლაციის ძალიან მაღალი დონე აქვთ.

მით უმეტეს ძნელია იმის თქმა, ეს ფული კორუმპირებულ პოლიტიკოსებს ეკუთვნით, თუ კრიმინალური გზებით არის მოპოვებული. რა მოცულობის თანხები ემალება მხოლოდ გადასახადებს და რა მოცულობის - გამოძიებას. არის შემთხვევები, როცა ოფშორულ ზონებში თანხის გატანა, მდიდარ ადამიანებს სხვა ქვეყნებში დამკვიდრებაში ეხმარება, სადაც ისინი უძრავ ქონებას და ბიზნესებს ყიდულობენ. იზრდება იმ მდიდარ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც არ აქვთ მოქალაქეობა. არადა, მათ ხელში უზარმაზარი ფინანსებია მოქცეული.

11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და კონგრესმა ხელი მოაწერეს აშშ-ის პატრიოტულ აქტს, რომელიც ოფშორულ საგადასახადო თავშესაფრებს ავიწროვებს. ამან გარკვეული შედეგები იქონია ისეთ ტრადიციულ „თავშესაფრებზე“, რომლებიც საგადასახადო უწყებებს, თავიანთი კლიენტების შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდნენ. მაგალითად, შვეიცარია ამ მხრივ აღარ არის ისეთი პოპულარული, როგორიც ადრე იყო, რადგან ბევრი ოფშორული ცენტრი მას ძლიერ კონკურენციას უწევს.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ შვეიცარიის ცენტრალური ბანკი, ყოველწლიურად (1970-იანებიდან) ინფორმაციას ქვეყნის ბანკებში უცხოელთა მიერ განთავსებული სიმდიდრის შესახებ. ეს ეხება როგორც ადგილობრივ ბანკებს, ასევე უცხოური ბანკების ადგილობრივ ფილიალებსაც. ოღონდ, ამ ანგარიშში არ შედის შვეიცარიული ბანკების უცხოეთში განლაგებული ფილიალებიდან მიღებული მონაცემები. ოღონდ, გამოქვეყნებული ინფორმაცია ეხება მხოლოდ ეგრეთ წოდებულ ფიდუციარულ დეპოზიტებს. ეს არის დიდი მოცულობის ანგარიშები, რომლებიც შვეიცარიული ბანკების მიერ განკარგვადი ოფშორული სიმდიდრეა.

ასეთი ანგარიშების გაკონტროლება ძალიან ძნელია, რადგან შვეიცარიაში შენახული ფულის დიდი ნაწილი, ფურცელზე ეკუთვნის ხმელეთზე ბაზირებულ იმ კომპანიებს, გაერთიანებებს, ფონდებს და პერსონალურ ჰოლდინგურ კომპანიებს, რომლებიც სხვა საგადასახადო თავშესაფრებშია რეგისტრირებული. ასე მაგალითად, შვეიცარიული ბანკების მიერ მართული სიმდიდრის დიდი ნაწილი იმ ადამიანებს ეკუთვნით, რომლების ანგარიშები ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, პანამასა და ჯერსიში არის ბაზირებული.

შუალედური კომპანიების გამოყენება მას შემდეგ გაიზარდა, რაც ევროკავშირში საგადასახადო დირექტივა ამოქმედდა. ეს არის გადასახადი იმ ევროკავშირელი რეზიდენტებისადმი, რომლებსაც სიმდიდრე შვეიცარიასა და სხვა საგადასახადო თავშესაფრებშიუ აქვთ განთავსებული. ეს გადასახადი არ ეხება შუალედურ კომპანიებს და ამიტომ, ინვესტოირებს სულ უფრო ხშირად ურჩევენ საკუთარი აქტივების ასეთ კომპანიებში დაბანდებას.

ცნობისათვის, შვეიცარიული ბანკების ყველაზე მსხვილი ანაბრების მფლობელები საუდელი არაბები, რუსები, გაერთიანებული საემიროების მოქალაქეები, ესპანელები, ფრანგები, ბელგიელები, არგენტინელები, ვენესუელელები, ეგვიპტელები და იორდანიელები არიან.

საგადასახადო თავშესაფრები პირველ მსოფლიო ომამდე თითქმის არ არსებობდა. მაგრამ მაშინ შემოსავლების და სიმდიდრის გადასახადები მინიმალური იყო და რამდენიმე პროცენტს არ აღემატებოდა. ქვეყნებს შორის სიმდიდრის მრთვას საფუძველი შვეიცარიაში, 1920-იანებში ჩაეყარა, თუმცა 1980-იან წლებამდე არ არსებობდა სხვა ქვეყანა, რომელსაც ანაბრების დაფარვა შეეძლო. ამჟამად კი შვეიცარიას ამ საქმეში არაერთი კონკურენტი ჰყავს, რომლებიც სიტყვიერად კი ებრძვიან თაღლითობით და უკანონო გზით მოპოვებულ სიმდიდრეს, თუმცა მდიდრები მათს ბანკებში ფულის გადამალვას სხვადასხვა მეთოდებით მაინც ახერხებენ. და ოფშორებში სიმდიდრის გადინებაც სულ უფრო მატულობს.