დიმიტრი ქუმსიშვილი - საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა მხოლოდ მაშინ არის შედეგიანი, როდესაც არსებობს მისი განხორციელების ძლიერი პოლიტიკური ნება

საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა მხოლოდ მაშინ არის შედეგიანი, როდესაც არსებობს მისი განხორციელების ძლიერი პოლიტიკური ნება, რეფორმის მოდელები მორგებულია ინსტიტუციონალურ და შესაძლებლობების კონტექსტზე და გამართული კოორდინირების მექანიზმი კი ჩამოყალიბებულია , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, გამართული საჯარო ფინანსების მართვის სისტემა მნიშვნელოვანია მთავრობის მიერ მომსახურების გაწევის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებისათვის. იგი წარმოადგენს საჯარო სექტორის ფინანსური ეფექტიანობის მაქსიმიზაციის მექანიზმს და უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური წარმატებისათვის.

„საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმამ მოიტანა და კვლავ მოაქვს ხელშესახები შედეგები, როგორიცაა მაგალითად, მნიშვნელოვანი პროგრესი საჯარო ფინანსების გამჭვირვალობაში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; შემუშავებული ფისკალური დისციპლინა და ფისკალური წესები; გაძლიერებული და გაღრმავებული უწყებათაშორისი ფისკალური ურთიერთობები, რომელიც განპირობებულია პროგრამული ბიუჯეტირების კარგი სისტემით; საკუთარი ძალების გამოყენებით კარგად ჩამოყალიბებული და სრულად ინტეგრირებული ელექტრონული სისტემები (ePFMS) ბიუჯეტირების, ხაზინის და სხვა დაკავშირებული სფეროებისათვის; საგადასახადო პოლიტიკის შთამბეჭდავი რეფორმა; განვითარებული მაკროეკონომიკური და ფისკალური ანალიზის შესაძლებლობები“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.