10 ადგილი საქართველოში, რომელიც ტურისტებისთვის აღმოჩენად იქცა

ჯერ კიდევ 10 წლის წინ საქართველოს ამ ულამაზეს ადგილებს ძალიან ცოტა მნახველი ჰყავდა, ახლა კი ამ ადგილებს უამრავი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი სტუმრობს.

როგორც საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ - ნატო კვაჭანტირაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ეს ადგილები აღმოჩენად იქცა არა მარტო უცხოელი, არამედ ქართველი ტურისტებისთვისაც.

მარტვილის კანიონი პირველ რიგში უნდა გამოვყოთ, რადგან წელს მას უამრავი მნახველი ჰყავდა. ეს ულამაზესი კანიონი მარტვილის მუნიციპალიტეტში, მდინარე აბაშის ხეობაში მდებარეობს და მნახველებს თავისი იდუმალი სიმალაზით აოცებს. ადრე ეს ადგილი ტურისტებს შორის ნაკლებად იყო ცნობილი, ბოლო წლებში კი, მას უამრავი ადამიანი სტუმრობს. შეიძლება ითქვას, რომ მარტვილის კანიონი ამ მხრივ პირველ ადგილზეა.

პრომეთეს მღვიმე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მნახველებს შორის. ეს უნიკალური ბუნების ძეგლი იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი სიგრძე 1,8 კმ-ია და მიწის ზედაპირიდან 40 მ-ის სიღრმეშია წარმოქმნილი. პრომეთეს მღვიმის 1-საათიანი მარშრუტი არგონავტების, მედეას, პრომეთესა და იბერიის ზღაპრულ დარბაზებს გაივლის და ვიზიტორთა სურვილისამებრ, მდინარე ყუმის გამდინარე ნაკადზე 15-წუთიანი გასეირნებით მთავრდება. ეს ყველაფერი ტურისტებს ანდამატივით იზიდავს.

დაშბაშის ჩანჩქერი საქართველოს სტუმრებს შორის ძალზე პოპულარულია. ის წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშის მიდამოებში, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მაღლა მდებარეობს. კანიონში არსებული თვალწარმტაცი ჩანჩქერები სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის და ძალიან ბევრ მნახველს იზიდავს.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორია ბევრი ტურისტისთვის იქცა აღმოჩენად. ტერიტორიაზე რამდენიმე საინტერესო ადგილია, მათ შორის არის არწივის ხეობა, რომელიც მის ფერდობებზე მობუდარი მტაცებელი ფრინველებით გამოირჩევა. ხეობა კანიონებით არის შემოფარგლული. იქვეა ტალახის ვულკანები, რაც ძალიან საინტერესო და უცხოა ჩვენი ქვეყნისთვის. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე არსებულ კანიონებს ჩვენი ქვეყნის სტუმრები ხშირად გრანდ კანიონს ამსგავსებენ.

მტირალას მთა აჭარაში უამრავ ტურისტს იზიდავს. ეს ადგილი სათავგადასავლო ტურიზმის მხრივ უაღრესად საინტერესოა. მტირალას ეროვნულ პარკში ფუნქციონირებს ერთ და 2-დღიანი ტურისტული მარშრუტები. იქვეა მოწყობილი საპიკნიკე ადგილები, ცალკე გამოყოფილია ადგილები კოცონის დასანთებად. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, სამეცნიერო და ეკო-ტურებს სთავაზობს, რომელიც მტირალას მთის დალაშქვრით სრულდება.

გურგენიანის ჩანჩქერი - ეს ერთ-ერთი პოპულარული ადგილია საქართველოში, რომელიც ლაგოდეხში მდებარეობს. თუკი მზად ხართ თავგადასავლებისათვის და ლამაზი ბუნება გიზიდავთ, ლაგოდეხის ნაკრძალს და გურგენიანის ჩანჩქერს აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

ვარძიის მიმდებარე ტერიტორია და უმშვენიერესი სოფელი სარო ბოლო წლებში ტურისტებს შორის ასევე პოპულარული გახდა. სოფელი სარო ზღვის დონიდან 1 480 მეტრზე მდებარეობს. ჰორიზონტზე ჩამონგრეული მიწური სახლები ჩანს, ძნელია მიხვდე, რომ იქ ოდესღაც ადამიანები ცხოვრობდნენ. ეს საროს ცნობილი მესხური დარბაზებია. ძალიან ბევრი მნახველი ჰყავს ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებულ მესხურ ტერასებსაც, სადაც ყურძენი ძველი მესხური წესით მოჰყავთ. ეს ტერასები ბოლო წლებშია აღდგენილი

ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიაც არ უჩივის ვიზიტორთა სიმცირეს. მნახველებს განსაკუთრებით მოსწონთ ბორჯომიდან ხარაგაულში გადასასვლელი საფეხმავლო ბილიკები. აქ არაჩვეულბრივ გადასახედები და პიკნიკისთვის საუკეთესო ადგილებია. ეს უძველესი, ისტორიული ტერიტორიაა. ერთ-ერთ მთაზე მონიშნულია ბილიკი, რომელიც ანდრია პირველწოდებულმა გამოიყენა სამხრეთ საქართველოდან იმერეთში გადასასვლელად.

თუშეთი - უნიკალური ადგილია საქართველოში, რომელიც ეკოტურიზმის მხრივ უაღრესად საინტერესოა. თუშეთში ვიზიტორებს ძირითადად საოჯახო სასტუმროები ემსახურებიან. სტუმრებისთვის უზრუნველყოფილია ცხენებით მომსახურება, გიდების მომსახურება, საკემპინგე და საპიკნიკე ადგილების დაქირავება, ველოსიპედების, ზურგჩანთების, საძილე ტომრებისა და კარვების დაქირავება და ა.შ...

რაბათის ციხე-სიმაგრე ძალზე პოპულარულია ტურისტებს შორის რაბათის ციხე-სიმაგრეც, რომელსაც ადრე იმდენი მნახველი არ ჰყავდა, რამდენიც ახლა ჰყავს. რაბათის ციხე ისტორიული ადგილია საქართველოში, ქალაქ ახალციხეში. ის წარმოადგენდა ძველი სამცხის მთავარ ქალაქს და სამცხის ათაბაგთა რეზიდენციას. ციხე-სიმაგრე რამდენიმე წლის წინ აღადგინეს, თუმცა ეს ადგილი ტურისტებს თავისი სიძველით და განუმეორებელი კოლორიტით იზიდავს.

ხათუნა ჩიგოგიძე