„ქართულ ღვინოს არ აღვიქვამთ როგორც ინდუსტრიულ პროდუქტს, ქართულ ღვინოში მისმა კულტურამ მიგვიზიდა“

2017 წელის იანვარ-აგვისტოში, წინა წლის ანალოგურ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი 61%-ით გაიზარდა.

საქართველოდან ღვინო 44 ქვეყნის მიმართულებით გადის. ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულს რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, ყაზახეთი და პოლონეთი იკავებს. ჩინურ ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობამ ბოლო წლებში საგრძნობლად მოიმატა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის 8 თვეში ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 51%-ით არის გაზრდილი.

ჩინეთში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდაზე პეკინში არსებული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრი ზრუნავს. საქართველოში ჩინეთის საელჩოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საერთაშოროსო მედიაჰოლდინგის საქართველოს წარმომადგენლობის Gbtimes Georgia-ს მიერ ორგანიზებული მედიატურის ფარგლებში, აღნიშნულ ცენტრს ქართველი ჟურნალისტები ესტუმრნენ. ჩინეთის საკვებისა და ფერმენტული ინდუსტრიის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტმა იუთუნგ (ადამ) ხუანგმა და მისმა თანამშრომლებმა მედიის წარმომადგენლებისთვის ღვინის პოპულარიზაციის ცენტრის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართეს და ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხეს.

როგორც იუთუნგ (ადამ) ხუანგმა აღნიშნა, მისი ორგანიზაცია 60 წელია არსებობს და საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს. რაც შეეხება ღვინის პოპულარიზაციის ცენტრს, ხუანგის განცხადებით, ის ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროსა და ჩინეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, 2012 წელს დაარსდა და მას ორი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხარდაჭერა აქვს.

მათ ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს. როგორც ცენტრის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ისინი ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ ჩინეთში მედიის საშუალებით ქართულ ღვინოს პოპულარიზაცია გაუწიონ. ამასთან, 2015 წელს შეიქმნა ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც საზოგადოება ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციას იგებს. გარდა ამისა, 2015 და 2016 წელს ქართული ღვინის შესახებ ჩინურ ენაზე ორი წიგნი გამოიცა. ასევე ჩინურად ითარგმნა საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ბროშურები, ქართული ღვინის შესახებ იბეჭდება სტატიები ჩინურ გაზეთებში. გარდა ამისა, ტარდება პრესკონფერენციები, ტრენინგები, მასტერკლასები, გამოფენები, დეგუსტაცია და სხვადასხვა გასართობი ღონისძიება ღვინის მოყვარულებისთვის, ბიზნესმენებისთვის, ჟურნალისტებისთვის, რათა მათ ქართული ღვინის შესახებ ინფორმაცია მიეწოდოთ.

“ჩვენ ქართულ ღვინოს არ აღვიქვამთ როგორც ინდუსტრიულ პროდუქტს, რამაც ქართულ ღვინოში მიგვიზიდა არის მისი კულტურა. როდესაც ქართულ ღვინოს ვინმეს ვაცნობთ, ვამბობთ, რომ ეს არის უბრალოდ ინდუსტრიული ნაწარმი, არამედ ეს არის ისტორია”, - განაცხადა იუთუნგ (ადამ) ხუანგმა.

bpnროგორც ცენტრის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველოდან ჩინეთში ღვინის ექსპორტი ბოლო 5 წლის განმავლობაში ძალიან გაიზარდა. თანამშრომლობის პირველი ეტაპი წარმატებული გამოდგა - ქართველი ბიზნესმენები და ღვინის კომპანები სულ უფრო ინტერესდებიან ჩინური ბაზრით და პირიქით, ჩინელი ბიზნესმენები - ქართული ბაზრით. ასევე დიდი სტიმულია საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, რაც სავაჭრო ბრუნვის ზრდას შეუწყობს ხელს.

ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, ბოლო წლების სტატისტიკით, 2015 წელს საქართველოდან ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტმა 2 850 000 ბოთლი, ხოლო 2016 წელს - 5 300 000 ბოთლი შეადგინა. მიუხედავად ექსპორტის ზრდისა, ღვინის პოპულარიზაციის ცენტრში აცხადებენ, რომ ქართული ღვინო ჩინეთის სპეციალიზებულ ბაზარზე არ არის შემოსული.

ჩინეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს ფრანგული ღვინო, რომელსაც ბაზრის 40% უჭირავს, მეორე ადგილზეა ავსტრალია, ხოლო მესამეზე - ჩილე. ამ ეტაპზე ქართულ ღვინოს ჩინეთის ბაზარის 1% უჭირავს, თუმცა ცენტრში მიიჩნევენ, რომ ეს მაჩვენებელი დიდი მიღწევაა. მათივე თქმით, ქართული ღვინო მაღაზიებში არ არის განთავსებული და მისი ყიდვა უმეტესწილად ინტერნეტითაა შესაძლებელი. კერძოდ საქართველოდან ღვინის ექსპორტი ხდება თავიანთ აგენტებთან, წარმომადგენლებთან და შემდეგ ისინი სხვადასხვა საშუალებით მათ შორის, ინტერნეტით ახდენენ ღვინის რეალიზაციას. აღნიშნულის მთავარ მიზეზად ღვინის პოპულარიზაციის ცენტრში მაღაზიებში არსებულ დიდ გადასახადს ასახელებენ. რაც შეეხება ქართული ღვინის გაყიდვების დღიურ ოდენობას, ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით, დღეში საშუალოდ, 14 000 ბოთლი იყიდება. ქართული ღვინის ფასი კი საშუალო ან საშუალოზე მაღალია.

ჩინეთში უპირატესობას წითელ მშრალ ღვინოს ანიჭებენ. ცენტრში მიაჩნიათ, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდისთვის მხოლოდ ბიზნესის ძალისხმევა არ არის საკმარისი და ამ პროცესში ხელისუფლების როლი მნიშვნელოვანია. ღვინის პოპულარიზაციის ცენტრში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას პროგნოზირებენ და ფიქრობენ, რომ 2017 წელს ეს მაჩვენებელი 10 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს.

ნათია რუხაძე