ჩრდილოეთ კორეაში მობილური ტელეფონი 10-დან მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს

ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ის შორის ორმხრივი მუქარების ფონზე ნაკლებად არის ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ უყურებენ ამ პროცესს ჩრდილოეთ კორეაში, ვინაიდან კიმ ჩენ ინის რეჟიმი ძალიან მკაცრად აკონტროლებს საკუთარი მოსახლეობის გარე სამყაროსთან წვდომას.

ქვეყანას ხშირად იზოლირებულს და ჩამორჩენილს უწოდებენ. „ბიბისის“ ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში მობილური ტელეფონით მხოლოდ 3,2 მილიონი ადამიანი სარგებლობს.

„სამი მილიონი მობილური ტელეფონი ძალიან ბევრი ჩანს, მაგრამ 25-მილიონიან ქვეყანაში ის მხოლოდ ყოველ მეათე მოქალაქეს აქვს. მობილური ტელეფონის მფლობელები ძირითადად დედაქალაქ ფხენიანში ცხოვრობენ. შედარებისთვის, 51-მილიონიან სამხრეთ კორეაში თითო მოქალაქეზე ერთზე მეტი მობილური ტელეფონი მოდის“, - წერს „ბიბისი“.

„ბიბისის“ ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 70 წელია. ქვეყანაში ისევ არსებობს სურსათის დეფიციტი.

თუმცა ამის მიუხედავად, ჩრდილოეთკორეელებს უფრო მეტი ბავშვი ჰყავთ, ვიდრე სამხრეთ კორეაში.

„2017 წელს შობადობის დონე სამხრეთ კორეაში რეკორდულად შემცირდა, რის გამოც ქვეყანას შობადობის ამაღლებაზე მიმართული ათწლიანი პროგრამის გახანგრძლივება მოუწია.

სეულმა საბავშვო ბონუსებზე, მამებისთვის შვებულების გაუმჯობესებაზე და უშვილობის მკურნალობაზე თითქმის 70 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა“, - ნათქვამია „ბიბისის“ ინფორმაციაში.