საქართველო "გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში" დაქვეითდა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017-2018 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველოს პოზიციები გაუარესდა.

ინდექსის თანახმად, საქართველო 137 ქვეყანას შორის 4,28 ქულით 67-ე პოზიციაზეა. 2016-2017 წლების ინდექსში საქართველომ 4,32 ქულით 59-ე ადგილი დაიკავა. 

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის თანახმად, საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის ყველაზე პრობლემატურ ფაქტორებს შორის პირველი ადგილი უკავია არაკვალიფიციურ მუშახელს, მეორე - ფინანსებთან წვდომას, მესამე ინფლაციას.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, სომხეთმა გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში 74-ე, აზერბაიჯანმა 35-ე, თურქეთმა 53-ე, რუსეთმა 38-ე, უკრაინამ 81-ე, მოლდოვამ 89-ე ადგილი დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ ყველა ეს ქვეყანა წლევანდელ ინდექსში დაწინაურდა. რეიტინგში პირველ ადგილზე შვეიცარია, მეორეზე აშშ, მესამეზე კი სინგაპურია. პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ ნიდერლანდები და გერმანია.