"სამცხე-ჯავახეთს უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი აქვს და ჩვენი ვალია, ავითვისოთ ეს პოტენციალი"

სამცხე-ჯავახეთს უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი აქვს და ჩვენი ვალია, ავითვისოთ ეს პოტენციალი , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნებიდან“ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, 2015-2017 წლებში, მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში 15 ახალი სასტუმრო აშენდა, მათ შორისაა საერთაშორისო ბრენდის და ასევე, ადგილობრივი, ოჯახური ტიპის სასტუმროები. კვირიკაშვილმა ადგილობრივი მოსახლეობისადმი მიმართვის დროს სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„30-წლიანი პაუზის შემდეგ გაიხსნა კურორტი მიტარბი, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან ასევე მაქსიმალური ხელშეწყობა აქვს. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც განხორციელდა ახალი პროექტების ნუსხიდან, არის საფარის მონასტერთან მისასვლელი გზა, სადაც პირველად დაიგო ასფალტის საფარი და ჩვენ ახლა ვმუშაობთ ამ გზის მიმდებარე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ვარძიის გადარჩენის 4-წლიანი პროგრამა, რის შედეგადაც, ჩვენ, ეს უნიკალური, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი გვექნება განახლებული და მომავალ თაობებს შემოვუნახავთ აღდგენილი სახით.

მინდა აღვნიშნო, რომ სამცხე-ჯავახეთში იწყება კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - ეს გახლავთ აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაცია. ამ პროექტის განხორციელებით, ათეულობით წლების შემდეგ, ობსერვატორიას ექნება ულტრათანამედროვე და სრულყოფილი ინფრასტრუქტურა. ეს მართლაც საქვეყნო საქმე მრავალმხრივ შედეგებს მოგვიტანს.

ასევე მნიშვნელოვანია სამცხე-ჯავახეთისა და მთიანი აჭარის დამაკავშირებელი ხულო-ზარზმის 45-კილომეტრიანი თანამედროვე სტანდარტის გზის მშენებლობა. უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია და უახლოეს მომავალში დაიწყება ამ გზის აშენება. გზა, რომელიც სამცხე-ჯავახეთს აჭარასთან დააკავშირებს, უმნიშვნელოვანესია ტურისტული თვალსაზრისითაც, რეალურად ახალი კავშირები დამყარდება ახალ კურორტებს შორის, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოსახლეობის შემოსავლებს ორივე რეგიონში.

ყველა პროექტი, რომელიც სამცხე-ჯავახეთში ხორციელდება, ამ რეგიონის განვითარებას, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობას ემსახურება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენ არ მოგაკლდებათ ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ ყოველმხრივ შეგიწყობთ ხელს, რომ თქვენი ცხოვრება გაუმჯობესდეს და თქვენს ოჯახებს დაეტყოს წინსვლა. „ქართული ოცნება“ მზად არის, გააგრძელოს და დაასრულოს არსებული პროექტები და შეუდგეს ახალი პროექტების განხორციელებას. როგორც ხედავთ, ამ რეგიონში ჩვენ კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს და მჯერა, რომ თქვენი მხარდაჭერით ჩვენ ყველა ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ამისათვის, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ერთად დგომა, კონსოლიდაცია და მხარი დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს, თითოეული ჩვენი ოჯახის კეთილდღეობას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.