რუსული ნავთობი ჩრდილოეთ კორეაში სანქციების გვერდის ავლით ხვდება

მინიმუმ რვა ჩრდილოკორეულმა საწვავის ტანკერმა, რომელმაც რუსული პორტი დატვირთულმა დატოვა, ტვირთი ჩრდილოეთ კორეაში ჩაიტანა იმის მიუხედავად, რომ დეკლარაციაში სხვა მიმართულება ჰქონდა მითითებული.

ამ ინფორმაციას შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ავრცელებენ. მათი თქმით, ჩრდილოეთ კორეა სანქციების გვერდის ავლით, რესურსების მიღებას სწორედ ასე ახერხებს.

აშშ-ის ოფიცალური პირების მტკიცებით, შუა გზაში დანიშნულების ადგილის შეცვლა, ჩრდილოეთ კორეელების მიერ აპრობირებული ტაქტიკაა, რომელიც მათ საერთაშორისო სავაჭრო სანქციებისთვის თავის არიდების საშუალებას აძლევს. პარალელურად, ისინი იყენებენ ძირითადად ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიების რთულ ჯაჭვს, რომლებიც გადაზიდვებში მონაწილეობენ. ეს ყველაფერი ართულებს იმის კვლევას, თუ რა დანიშნულებით მიდის ტვირთი, მეტწილად საწვავი და საბოლოოდ, სად ხვდება ის.

სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა სახაზინო საქმეში, მარშალ ბილინგსლიმ კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ინტენსიურად იყენებს მეთოდებს, რომლებიც საქონლის წარმომავლობის დამალვის საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, ფხენიანი სავაჭრო გემების და დოკუმენტაციების რეგულარულ ფალსიფიცირებაშია შემჩნეული.

აშშ-ის მიერ დაფიქსირებულმა რვავე გემმა, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ვლადივოსტოკის და ნახოდკას პორტებიდან წაიღო ტვირთი, რომლის დოკუმენტაციაში დანიშნულების მიმართულებად ჩინეთი და სამხრეთ კორეა იყო მითითებული. რუსეთიდან გასვლის შემდეგ, ისინი ჩრდილოეთ კორეის პორტებში (კიმჩაეკი, ჩონძინი, ჰუნამი, ნაძინი) შედიოდნენ. არცერთი მათგანი ჩინეთის პორტებში არ შესულა და ტვირთის ჩრდილოეთ კორეაში მიტანის შემდეგ, რუსულ და ჩინურ პორტებში ბრუნდებოდნენ.

ამ რვიდან ერთ-ერთის სახელია „მა დუ სანი“, რომელსაც ჩრდილოკორეული კომპანია „კორეა კიონგუნ შიპინგი“ ფლობს. მასში საზღვაო ხომალდებისთვის საჭირო 545 ტონა საწვავი, ვლადივოსტოკის „პერვაია რეჩკას“ ტერმინალში ჩაიტვირთა. ეს ტერმინალი რუსულ კომპანია „ინდეპენდენტ პეტროლეუმ კომპანის“ (IPC) ეკუთვნის. როიტერსის ინფორმაციით, „მა დუ სანი“ 19 მაისს დაიტვირთა იმ საწვავით, რომელიც IPC-ს ხაბაროვსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აწარმოეს.

„მა დუ სანმა“ ვლადვოსტოკის პორტი მეორე დღესვე დატოვა. როგორც რუსეთის პორტების კონტროლის სახელმწიფო საინფორმაციო სისტემაშია მითითებული, გემს ჩინურ პორტ ჟანძიანისკენ ჰქონდა გეზი აღებული. დოკუმენტებში ასევე მითითებული იყო სამხრეთ კორეის ბუსანის პორტი. მაგრამ ვლადივოსტოკიდან გასული გემი კიმჩაეკის აკვატორიაში შევიდა.

ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ჩრდილოკორეული გემები პერიოდულად თიშავენ ტრანსპონდერებს, რის შემდეგაც სატელიტებით მათი დაფიქსირება შეუძლებელი ხდება.

მომხდარის შემდეგ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსული კომპანია IPC სანქციების შავ სიაში შეიყვანა. მოგვიანებით, აშშ-ის მთავრობამ სანქციები სინგაპურში რეგისტრირებულ ორ კომპანიას - „ტრანსატლანტიკ პარტნერზს“ და „ველმურ მენეჯმენტს“ დაუწესა, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით, ჩრდილოკორეული ბანკების ფულის გათეთრებაში არიან შემჩნეულნი. მათ მიერ გათეთრებული ფულით ხდებოდა ჩრდილოეთ კორეისთვის საწვავის შეძენა. მაგალითად, „მა დუ სანზე“ ჩასატვირთი საწვავი „ველმურმა“ IPC-სგან შეისყიდა.

აღსანიშნავია, რომ როგორც კი შეერთებულმა შტატებმა რუსული კომპანია IPC შავ სიაში შეიყვანა, ვლადივოსტოკში მოდრეიფე და ტვირთის მომლოდინე ჩრდილოკორეულმა გემებმა სწრაფად დატოვეს იქაურობა. ამასთან, პორტის წარმომადგენლის ინფორმაციით, პორტის აკვატორიიდან ისინი ტვირთის გარეშე გავიდნენ. ამ ინფორმაციას როიტერსიც ადასტურებს.