"ტურისტების ნაკადი პრაქტიკულად არ გაჩერებულა, თუმცა აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ არსებული შენიშვნები"

ტურისტების ნაკადი პრაქტიკულად არ გაჩერებულა, თუმცა ჩვენ აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ ის შენიშვნები, ის სისუსტეები, რა მიმართულებებზე მოგვიწევს აქცენტების გაკეთება , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ტურიზმის თემაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს შეიკრიბნენ იმისთვის, რომ განიხილონ ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგები, რომელიც არ დასრულებულა და ჯერ კიდევ გრძელდება.

”ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ უპრეცედენტოდ გრძელია ეს ტურისტული სეზონი. ტურისტების ნაკადი პრაქტიკულად, არ გაჩერებულა, თუმცა ჩვენ აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ ის შენიშვნები, ის სისუსტეები, რა მიმართულებებზე მოგვიწევს აქცენტების გაკეთება. ზამთრის სეზონისთვის ჩვენ დიდწილად მზად ვართ. მომავალი ზაფხულის სეზონისთვის დღესვეა დასაწყები ანალიზი, თუ სად გვაქვს ნაკლოვანებები, რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ეს არ არის მარტო ინფრასტრუქტურა, ეს არის მომსახურების, ტრანსპორტის საკითხები.

მე ამ დღეების განმავლობაში შევისწავლე ის შენიშვნები და კომენტარები, რომლის სისტემატიზაციაც ჩვენ გავაკეთეთ და ძალიან ბევრი ისეთი რამე დავინახე, რაზეც აუცილებლად ახლავეა დასაწყებია მუშაობა იმისთვის, რომ მომავალ წელს ჩვენ კიდევ უფრო მომზადებული შევხვდეთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ ტურიზმის ზრდა გვექნება ზამთარში, მომავალ წელსაც და მზადება დღესვეა დასაწყები. ამიტომ, ამ შემადგენლობით შევიკრიბეთ. ყველა მინისტრი, რომელიც დღეს ამ შეხვედრას ესწრება, უშუალოდაა ჩართული ტურიზმში - ეკონომიკის სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, უსაფრთხოება. რა თქმა უნდა. დაგვჭირდება ფინანსები იმისთვის, რომ ჩვენ ინფრასტრუქტურა გავაუმჯობესოთ. ვფიქრობ, რომ აუცილებლად ახლავეა დასაწყები რეაგირება გასულ სეზონზე. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ თბილისი ისევ სავსეა ტურისტებით, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, პატარა კლება მოხდა ზაფხულის შემდეგ, მაგრამ შარშანდელ შემოდგომაზე გაცილებით მეტი ტურისტი გვყავს. დღევანდელ სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.