FAO-ს ორგანიზებით, პოსტსაბჭოთა სივრცეში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობის თემაზე მომუშავე ექსპერტთა შეხვედრა გაიმართა

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის - FAO-ს ორგანიზებით, პოსტსაბჭოთა სივრცეში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობის თემაზე მომუშავე ექსპერტთა მეოთხე, შუალედური შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ექსპერტებმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეთანხმებები, რეგიონული სავაჭრო ხელშეკრულებები და სურსათის ექსპორტის საკითხები განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობის მიმართულებით. ასევე, ახალი მიღწევების და გამოწვევების შესახებ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობის სფეროში.

ღონისძიების შემდეგ, FAO-ს ორგანიზებით გაიმართა ერთდღიანი, ექსპერტთა სამუშაო შეხვედრა თემაზე „სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობის პოლიტიკა, მსოფლიოს ვაჭრობის ორგანიზაცია და ბაზრების განვითარება ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“.

„აღნიშნული შეხვედრებით, FAO ეხმარება ქვეყნებს, მიაღწიონ მეტ პროგრესს მსოფლიო ბაზრებში ინტეგრაციის პროცესში. რაც გააუმჯობესებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობას და ევროპისა და ცენტრალური აზიის ბაზრებთან თანამშრომლობას“, - განაცხადა FAO-ს ეკონომისტმა ირინა კობუტამ.

FAO-ს ორგანიზებით, ექსპერტთა შეხვედრები 2014 წლიდან რეგულარულად იმართება. მასში მონაწილეობას იღებენ ეკონომისტები, სამართლის სპეციალისტები, მკვლევარები და სასოფლო სამეურნეო სექტორთან დაკავშირებული სხვა დაინტერესებული მხარეები.

InterPressNews.Ge