სსფ-ის მისია - საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელზე მაღალ ზრდას გონივრულმა პოლიტიკამ და სავაჭრო პარტნიორების სწრაფმა ზრდამ შეუწყო ხელი

საქართველოში დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ორკვირიანი სამუშაო ვიზიტი.

როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დადებითად შეაფასა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ (Extended Fund Facility) საქართველოში მიმდინარე პროგრამის პირველი მიმოხილვა.

„სსფ-ს მისიის დონეზე, საქართველოს ხელისუფლებასთან მიღწეულ შეთანხმებას სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო ნოემბერში განიხილავს და დამტკიცების შემთხვევაში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება პროგრამის მეორე ტრანში 30 მილიონი ესდეერის (42.3 მილიონი აშშ დოლარის) ოდენობით. ამით მიმდინარე პროგრამის ჩამორიცხვები 60 მილიონ ესდეერს (84.6 მილიონ დოლარს) გაუტოლდება“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი იმართება. პრესის წარმომადგენლების წინაშე განცხადებებს აკეთებენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი.