დოლარი ბოლო 10 კვირის მაქსიმუმთანაა

გასულ კვირას შეერთებული შტატების შრომის ბაზრის სტატისტიკის გამოსვლის შემდეგ, ამერიკული დოლარის კურსმა ბოლო 10 კვირის მაქსიმუმს მიაღწია.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი სამუშაო ადგილების მხრივ, სტატისტიკა უარყოფითი იყო, უმუშევრობის დონის შემცირებამ და საათობრივი ანაზღაურების ზრდამ, ინვესტორები ოპტიმისტურად განაწყო. ისინი ვარაუდობენ, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა დოლარზე საპროცენტო განაკვეთს წელს მესამედაც ასწევს და ეს დეკემბერში მოხდება.

პარასკევს გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ არასასოფლო სფეროში ახალდასაქმებულთა რიცხვი, ზრდის ნაცვლად შემცირდა, რაც ბოლო შვიდ წელიწადში პირველად მოხდა. მაგრამ ანალიტიკოსებმა სწრაფად განსაზღვრეს, რომ ეს ქარიშხლების სეზონის გამო მოხდა და ერთჯერადი კლებაა. რაც მთავარია, უმუშევრობის დონე 4.4-დან 4.2 პროცენტამდე შემცირდა. საათობრივი ანაზღაურების ზრდა კი 0.2-დან 0.5 პროცენტამდე გაიზარდა.

ინვესტორები თვლიან, რომ ანაზღაურების ასეთი მკვეთრი ზრდა სტაბილური გახდება, რაც ინფლაციის მიზნობრივ 2.0 პროცენტამდე აწევისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. თავის მხრივ, ამაში აისახება ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური ზრდა, რაც ფედრეზერვს დოლარზე განაკვეთის აწევის საბაბს მისცემს.

გარდა ამისა, ამერიკული დოლარის გამყარებას ის ფაქტორიც უწყობს ხელს, რომ დიდია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული საგადასახადო რეფორმის მიღების შანსი.

ასეა თუ ისე, შრომის ბაზრის სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, გაიზარდა იმ ინვესტორთა რიცხვი, რომლებიც დოლარის გამყარების მოლოდინში არიან. ამის წყალობით, დოლარის ინდექსი, რომელიც ექვსი წამყვანი ვალუტისადმი, ამერიკული ვალუტის ჯამურ კურსს ასახავს, 94.267-მდე გაიზარდა, რაც ივლისის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია.