"დეკემბერში ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას უნდა ველოდოთ"
"დეკემბერში ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას უნდა ველოდოთ"
12 ოქტომბერი / 2017
საქართველო ძირითადად იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, შესაბამისად ეროვნული ვალუტის გაუფასურება, სამომხმარებლო ბაზარზე ყოველთვის უარყოფითად აისახება და მოქალაქეების ცხოვრებას ართულებს.
ლარის კურსის ვარდნა კიდევ უფრო მტკივნეული საკითხია დოლარში ვალების მქონე მოსახლეობისთვის. ასეთი კი ბევრია.

ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, აგვისტოში ვადაგადაცილებული სესხები 2.2 მლნ ლარით გაიზარდა და ჯამურად 432.6 მლნ ლარი შეადგინა. ვადაგადაცილებული სესხების 39.3 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

ცენტრალური ბანკის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 57.1 პროცენტს გაუტოლდა.
ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ლარის კურსი სტაბილური იყო. მაგალითად დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.38 - 2.39 ნიშნულის ფარგლებში მერყეობდა. აგვისტოს მიწურულს კი ლარის გაუფასურების პროცესი დაიწყო და დღეის მონაცემებით, დოლართან მიმართებაში, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი 2.4783 ნიშნულზეა.

ხელისუფლება ლარის გაუფასურებას დროებითი ფაქტორით ხსნის. “პირველი 8 თვის განმავლობაში საგადასახდელო ბალანსში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს, ძალიან კარგად გვეზრდება ტურიზმი, ექსპორტი და ფულადი ჩარიცხვები, ჯამურად 700 მლნ დოლარით არის გაუმჯობესებული აღნიშნული, რაც დადებით ზეგავლენას ახდენს კურსის სტაბილურობაზე. თვითონ სტაბილურობას რაც ეხება, ჩემი დაკვირვებით, ეს არის სეზონური მოვლენა. თუ ჩვენ დავაკვირდებით, სადღაც 15-20 აგვისტოდან დაიწყო აღნიშნულმა გამოვლინება, რაც დამახასიათებელია ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა მე ამ წუთში ვაფასებ ამას, როგორც ერთჯერად გამოვლინებას, რომელმაც უკვე გადაიარა“, - ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 7 სექტემბერს გააკეთა.

საქართველოში, რომელიც მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის მქონე ქვეყანაა, ლარის გაცვლით კურსს აყალიბებს როგორც ფუნდამენტური, ისე დროებითი ფაქტორები. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა მდგომარეობაა თითოეული იმ მიმართულებით, რომელიც ლარის კურსის დადგენაში უმთავრეს როლს თამაშობს.

ვალუტის კურსის ჩამოყალიბებაზე ფუნდამენტურ გავლენას ახდენს სავაჭრო ბალანსის მდგომარეობა. ეკონომიკის დოქტორის ირაკლი მაკალათიას განცხადებით, თუ გადავხედავთ საქართველოს სავაჭრო ბალანსს 2017 წლის იანვრიდან დღემდე, ვნახავთ, რომ ექსპორტი წინა წელთან შედარებით მკვეთრადაა გაზრდილი და შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელიც არის, თუმცა აქვე აღნიშნავს, “მდგომარეობას დადებითად მაინც ვერ შევაფასებ, რადგან ექსპორტის ზრდა ძირითადად განპირობებულია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების ზრდით. ჩვენი მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა დღეს არის
რუსეთი, სადაც გადის: ალკოჰოლური სასმელები, მინერალური წყალი და ფეროშენადნობები. ეს არც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე მიანიშნებს და ამავე დროს დამოკიდებულს გვხდის პოლიტიკურად არასტაბილური ქვეყნის ბაზარზე, რომელსაც დაბალი ხარისხის მოთხოვნები ახასიათებს“, - აცხადებს ირაკლი მაკალათია.

ლარის სიჯანსაღის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ფულადი გზავნილები. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა, წინა წელთან შედარებით 15.1 პროცენტით გაიზარდა და 121.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპერტები აცხადებენ, რომ ფულადი გზავნილების დადებითი ტენდენცია, აგვისტოს მიწურულს დაწყებული ლარის გაუფასურების მიზეზი ვერ იქნებოდა. რაც შეეხება სექტემბრის თვის ფულადი გზავნილების მოცულობას, ეს მონაცემები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

გაცვლითი კურსის ფორმირებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანას 5,822,835 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.2 პროცენტიანი ზრდაა. მიმდინარე წელს საერთაშორისო ვიზიტორთა პიკური მაჩვენებელი აგვისტოში დაფიქსირდა - 1,080,449, სექტემბრიდან კი როგორც მოსალოდნელი იყო, მათი რაოდენობა შემცირდა. გასულ თვეში, აგვისტოსთან შედარებით საქართველოს 316,720-ით ნაკლები საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ვინაიდან ლარის გაუფასურება აგვისტოს ბოლოს დაიწყო, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ პროცესს ბიძგს ტურიზმის სექტორი ვერ მისცემდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ სექტემბერში ტურისტთა ნაკადის შემცირება, ლარის გაუფასურების პროცესის გახანგრძლივებას ხელს უწყობს.

ეკონომისტი აკაკი ცომაია აცხადებს, რომ ლარის გაუფასურებაში მნიშვნელოვანი როლი დროებითმა ფაქტორებმა ითამაშეს. ის განსაკუთრებით ხაზს უსვამს ტურიზმის სექტორიდან გამომდინარე მოლოდინების ფაქტორს. „ტურისტული სეზონის დამთავრებასთან ერთად ადამიანებს აქვთ მოლოდინი, რომ ლარი გაუფასურდება, შესაბამისად ეს ფაქტორი მოკლევადიან პერიოდში ძალიან დიდ გავლენას ახდენს ლარის გაუფასურებაზე. ამიტომაც ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც დაიწყო ლარის გაუფასურება და რამდენიმე დღეში უცებ დაეცა კურსი, იყო მოლოდინის ფაქტორი... როდესაც საზოგადოებას აქვს მოლოდინი, რომ ლარი გაუფასურდება, როგორც წესი ხდება ტრანზაქციების ზრდა და ლარის კონვერტაცია დოლარში, ამ დროს განსაკუთრებით საფინანსო კომპანიები, ბანკები, მიკროსაფინანსოები აქტიურობენ“, - ამბობს აკაკი ცომაია.

კითხვაზე, რამ გამოიწვია ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია გვპასუხობს: "მთავარი მიზეზი თუ რატომ არის დოლარის მაღალი კურსი ლართან მიმართებაში, გახლავთ ის, რომ ჩვენ კვლავ იმპორტიორ ქვეყნად ვრჩებით, მთავარი სამომხმარებლო პროდუქტებიც კი იმპორტირებული გვაქვს, ძირითადად ვაჭრობა მიმდინარეობს დოლარში და ევროში, სწორედ მაღალი დოლარიზაცია გვაძლევს ვალუტის კურსის იმ სურათს რა სურათიც გვაქვს დღეს“.

ბოლო წლების ტენდენციას თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ზაფხულში ლარი დასტაბილურებულია, სექტემბრიდან უფასურდება, დეკემბერში კი ეროვნული ვალუტის გაუფასურების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. ლარის კურსთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება ადვილი საქმე არ არის, თუმცა მოცემული რეალობის და ბოლო წლების ტენდენციის გათვალისწინებით, ექსპერტები ამბობენ, რომ 2017 წლის დეკემბერში ლარი კიდევ გაუფასურდება. ეკონომიკის დოქტორის ირაკლი მაკალათიას განცხადებით, ის ფაქტი, რომ 2018 წლის ბიუჯეტი კვლავ 1 დოლარი = 2,50 ლარზე არის დაანგარიშებული, ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს და სავალუტო ბაზარზე მომდევნო წელიც იმავე სცენარით წარიმართება როგორც წლევანდელი.
,„პროგნოზს რაც შეეხება, ცხადია დეკემბრის თვეში ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას უნდა ველოდოთ. ეს ტენდენცია წლებია გრძელდება. ყოველი წლის დეკემბერში იზრდება მოთხოვნა ლარზე, ცხადია მსგავსი ტენდენცია გაგრძელდება წელსაც და სექტემბრიდან დაწყებული დეკემბრის ჩათვლით უნდა ველოდოთ ლარის ეტაპობრივ გაუფასურებას, ხოლო მის მაქსიმალურ მნიშვნელობას დეკემბრის თვის შუა რიცხვებიდან მიაღწევს. კლებას და კურსის შედარებით დასტაბილურებას უკვე 2018 წლის გაზაფხულიდან უნდა ველოდოთ“, - ამბობს ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია.

ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ვალუტის კურსის სტაბილურობის მთავარ, ფუნდამენტურ ფაქტორს წარმოადგენს სავაჭრო ბალანსი. ირაკლი მაკალათიას განცხადებით, ეკონომიკური განვითარებისა და ლარის კურსის სტაბილურობისთვის საჭიროა გაიზარდოს საგარეო სავაჭრო სალდოს მნიშვნელობა. “ადგილობრივი წარმოების განვითარებით უნდა მოხდეს ექსპორტის ზრდა, ნაკლებად დამოკიდებული გავხდეთ იმპორტირებულ საქონელზე და ნაკლებად შეგვეხება საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე პროცესები. ასევე ნაკლებად შეეძლებათ იმპორტიორებს დააწესონ მათი თამაშის წესები და ფასები ადგილობრივ ბაზარზე, ამავე დროს მეტი იმპორტი ნიშნავს მეტ უცხოურ ფულად ნაკადებს ქეყანაში, რაც გახდება ვალუტის კურსის დასტაბილურების გარანტი... ინვესტიციები არ იდება წარმოებად დარგებში, რომლებიც არის კვლავწარმოებადი და ქვეყანაში ეკონომიკურ დოვლათს ქმნის. ინვესტიციების ძირითადი ნაწილი მიმართულია ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე, ცხადია, კარგია რომ ინფრასტრუქტურა ვითარდება, თუმცა ის ვერ ქმნის ეკონომიკურ დოვლათს და ყოველი ასეთი ინვესტიცია მხოლოდ დროებით სახეს იძენს. ანალოგიურად შეგვიძლია ვთქვათ ტურიზმზე, დარგი პერსპექტიულია, მაგრამ ის არის სეზონური, ამავე დროს ქვეყანაში არსებული გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი წარმოების განუვითარებლობა, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ უცხოელმა ტურისტებმა უფრო მეტი თანხა დახარჯონ და დატოვონ ადგილობრივ ეკონომიკაში ვიდრე ამას დღეს აკეთებენ”, - აცხადებს ირაკლი მაკალათია.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის როლს მიმდინარე პროცესებში. ლარის კურსზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყანაში არსებული ლარის მასა. საქართველოში ფულის მასის მიწოდებას ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენებით აკონტროლებს. მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პირობებში ქვეყნის ცნტრალური ბანკი ეკონომიკაში ფულის მასის მიწოდებას ზღუდავს, რათა შეაკავოს ინფლაციური პროცესები.

საქართველოში, ივლისთან შედარებით აგვისტოს თვეში ინფლაციის დონე 0,2 პროცენტი იყო, წლიურმა ინფლაციამ კი 5,7 პროცენტი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ბოლო სხდომა 6 სექტემბერს გაიმართა. კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 7 პროცენტზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. „ინფლაციის მაჩვენებლის დინამიკა შესაბამისობაშია არსებულ პროგნოზებთან. აგვისტოში წლიური ინფლაცია შემცირდა და 5.7 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზით, ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება და მომავალი წლის დასაწყისში, დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, სამპროცენტიან მაჩვენებელს დაუახლოვდება. ამასთანავე, სტაბილურია ინფლაციური მოლოდინებიც“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

რამდენად სწორი იყო ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება, ამის შესახებ ექსპერტთა წრეებში მოსაზრებები განსხვავებულია. ნაწილი მიიჩნევს, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს საპროცენტო განაკვეთი 0,25 პროცენტით უნდა გაეზარდა, ნაწილი კი ბანკის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.

ეროვნული ბანკის როლი ლარის გაუფასურების პროცესის შეჩერება არ არის. როგორც აღვნიშნეთ, ცენტრალური ბანკის ფუნქცია ინფლაციური პროცესების კონტროლია. ამის მიუხედავად ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია აცხადებს, რომ რეფინანსირების განაკვეთის დადგენის პროცესში ეროვნული ბანკი ლარის კურსს ირიბად უნდა ითვალისწინებდეს. „ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გამომდინარეობდა იმ მოტივიდან, რომ ინფლაციის დონე იყო დაბალი. ჩემი აზრით, ამ პროცესში ეროვნული ბანკი ირიბად უნდა ითვალისწინებდეს ლარის კურსსაც, იმიტომ რომ ლარის მკვეთრ გაუფასურებას შეუძლია გააძვიროს იმპორტირებული საქონელი და საბოლოო ჯამში მივიღებთ ლარის გაუფასურებით გამოწვეულ ინფლაციას“, - გვითხრა ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ.

ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია ეროვნული ბანკის ქმედების შეფასებისას აცხადებს: „რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 7 პროცენტზე დატოვება ეროვნული ბანკის პრეროგატივაა, თუმცა ზედმეტი ჩარევებით, რეგულაციებით დადებით შედეგს ვერ მივიღებთ. ყოველი გადადგმული ნაბიჯი, იქნება ეს ინტერვენცია თუ რეფინანსირების პროცენტული ცვლილება, არის დროებითი ხასიათის და გრძელვადიან შედეგს ვერ მოგვცემს. ამ ეტაპზე შეიძლება იყოს ასეთი მიდგომა, რომ ფულადი ბაზრიდან მოხდეს მეტი ლარის ამოღება და ასე დავასტაბილუროთ კურსი, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ლარის დასტაბილურების და ეკონომიკური განვითარების უალტერნატივო გზა არის ადგილობრივი წარმოების მატება და ექსპორტის ზრდა“.

სოფო ჩიხლაძე

კომენტარები (2)
12.10.2017
ნოდო
ქოციონალებმა 2018 წლის ბიუჯეტი ისევ თავიანთი ტაშფანდურის ბიუჯეტათ გამოაცხადეს, ამ ზამთარს გვიმზადებენ მშიერ ხალხს საკონტროლო გასროლას..
12.10.2017
ასეა ეს ...
ამდაგვარი სტსტიებით თუნდაც სათაურით, ხალხს ზაფრავთ, აშინებთ, თითქოს თითქოს გსიამოვნებთ ,,ნაცები,, ხომ არ ხართ?!
მსგავსი სიახლეები
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4863 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4863 ლარი შეადგინა
2016 წლის განმავლობაში თბილისის ვიცე-მერმა და მოადგილეებმა პრემიის სახით ჯამში 7200 ლარი მიიღეს. 
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4844 ლარი გახდა.
18 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
„ფორბსმა“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ევროპელი ვარსკვლავების რეიტინგი გამოაქვეყნა.
თებერვალში აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ახლანდელ ხელმძღვანელს ჯანეტ იელენს ამ პოსტზე ყოფნის ვადა ამოეწურება.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4839 ლარი გახდა.
აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წელს 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4826 ლარი გახდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
20.10.2017
მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი Frank Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს, - კონკრეტულ სფეროებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ელად ფრანკმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.
სრულად
19.10.2017
საქართველო არასდროს ყოფილა ასე ღრმად ინტეგრირებული ევროკავშირის შიდა ბაზარზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
სრულად
19.10.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო-საინვესტიციო მისიას საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და ეკონომიკური მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა გააცნო.
სრულად
19.10.2017
ქართულ-ამერიკულმა ბიზნესსაბჭომ აშშ-ს სავაჭრო და საინვესტიციო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
სრულად
19.10.2017
დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენ ამდენი ღვინო არ გაგვიყიდია არც თანხაში, არც რაოდენობაში. 
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
19.10.2017
20.10.2017
USD
1
USD
2.4844
2.4863
EUR
1
EUR
2.9204
2.9405
GBP
1
GBP
3.2752
3.2725
RUB
100
RUB
4.3347
4.3181
ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ!
წარმოდგენილი სიიდან, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი 5 ღვინის სახეობა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის მიერ დასახელებული ღვინოებიდან გამოვლინდება 10 საუკეთესო.
შენ ხარ

14670-ე