გლობალური შიმშილის ინდექსში საქართველო 32-ე პოზიციაზეა

სურსათის პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის (IFPRI) 2017 წლის „გლობალური შიმშილის ინდექსში“ საქართველო 119 ქვეყანას შორის 32-ე პოზიციაზეა.

ინდექსის თანახმად, საქართველოში შიმშილის საერთო ქულა 7,7 და ამ მაჩვენებლით საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, სადაც შიმშილის დაბალი ინდექსია. 2016 წლის ინდექსში საქართველოს 8,2 ქულით მე-16 პოზიციაზე იყო.

„გლობალური შიმშილის ინდექსი“ ოთხ მაჩვენებელს განსაზღვრავს - არასრულფასოვანი კვება, ბავშვთა სიკვდილიანობა, ბავშვებში ზრდის შეფერხება და წონის ნაკლებობა.

ინდექსი ქვეყნების მდგომარეობას 100-ქულიანი შკალით აფასებს, სადაც 0 შიმშილის ინდექსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანები არ შიმშილობენ, ხოლო 100 ყველაზე მაღალი მაჩვენებლია. ქვეყნებში, რომელთაც 9,9 ან ნაკლები ინდექსი აქვთ, შიმშილის დაბალი დონის მქონე ქვეყნები არიან, 10-დან 19,9-მდე - შიმშილის საშუალო დონედ ფასდება, 20-დან 34,9-მდე - მაღალი, 35-დან 49,9-მდე - კრიტიკული, ხოლო 50-ს ზემოთ - ქვეყანაში შიმშილის კატასტროფულ მაჩვენებელზე მიუთითებს.

ინდექსის პირველ ხუთეულში არიან ბელარუსი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ჩილე, ხორვატია და კუბა. ბოლო პოზიციებზე კი აფრიკის ცენტრალური რესპუბლიკა, ჩადი, სიერა ლეონე, მადაგასკარი და ზამბია არიან.

ინდექსის თანახმად, საერთო ჯამში, მსოფლიოში შიმშილის დონე 2000 წელთან შედარებით 27%-ით შემცირებულია. ამასთან ერთად, 119-დან 52 ქვეყანაში შიმშილის დონე მაღალი, კრიტიკული და შემაშფოთებელია.

„მსოფლიოში 9-დან 1 ადამიანი შიმშილობს“, - ნათქვამია ინდექსში.