"საქართველო მოწინავე პოზიციაზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ახლა ცდილობენ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ დასავლეთის ეკონომიკაში"

საქართველო ევროპის მეორე ტალღის ლიდერია.

ამის შესახებ EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ თბილისში, Emerging Europe-ის რედაქტორთან ენდრიუ ვრობელთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, საქართველო მოწინავე პოზიციაზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ახლა ცდილობენ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ დასავლეთის ეკონომიკაში.

როგორც ინტერვიუში ბალვანერამ აღნიშნა, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და საკუთარი მოსაზრების დასასაბუთებლად ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსა და სტაბილურ პოლიტიკურ ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„რამდენიმე კვირის წინ თბილისში EBRD-ის პრეზიდენტი სუმა ჩაკრაბარტი იმყოფებოდა. მისი თქმით, საქართველო ლიდერია იმ მეორე ტალღის ქვეყნებს შორის, რომლებიც თანდათანობით დასავლეთის ეკონომიკის ნაწილი ხდება. ჩაკრაბარტიმ იგულისხმა, რომ „პირველი ტალღა“ აერთიანებდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, როგორიცაა პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვაკეთი. „პირველი ტალღის“ ქვეყნებმა უკვე მოახერხეს ევროპულ ეკონომიკაში ინტეგრირება და საკმაოდ დიდი წარმატებითაც. რაც შეეხება „მეორე ტალღის“ ქვეყნებს, ეს სწორედ ის ქვეყნებია, რომლებიც ახლა ცდილობენ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ საბაზრო ეკონომიკაში. საქართველო ამ ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციაზეა“, - აცხადებს EBRD-ის რეგიონული დირექტორი.