"რეზონანსი" - ბოლო 9 წელიწადში საქართველოში შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა საგანგაშოა, მოსახლეობა სწრაფად ბერდება.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, 2016 წელს დაბადებულთა რიცხვი წინა წელთან შედარებით 4,5%-ით, დაახლოებით 2 700-ით შემცირებულია, სიკვდილიანობა კი მომატებულია.

გასულ კვირას სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ბოლო 9 წლის განმავლობაში შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და ამ მონაცემებს საგანგაშოს უწოდებენ დემოგრაფები, აცხადებენ, რომ ერი სწრაფად ბერდება და პროგნოზირებენ, რომ მომავალ 10-15 წელიწადში ჩვენ კიდევ უფრო მძიმე სურათს ვიხილავთ.

დემოგრაფი ანზორ თოთაძე აცხადებს, რომ ყველა მონაცემი, რომელიც დღეს დემოგრაფიას ეხება, საგანგაშოა და სულ უფრო და უფრო უარესდება.

"დემოგრაფიული მონაცემები ყოველწლიურად უარესდება. თუ ასე გაგრძელდა და რაიმე ღონისძიებას არ მივმართეთ, მომდევნო 10-15 წლის შემდეგ უარესი გახდება. 1989 წელთან შედარებით, ანუ 28 წლის განმავლობაში, მოსახლეობა 1,7 მილიონითაა შემცირებული", - ამბობს თოთაძე.

2016 წლის დემოგრაფიული მაჩვენებლებით, დაბადებულია 56 569 ბავშვი, რაც 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 4,5%-ით, 2700-მდე ახალშობილით ნაკლებია (2015 წელს დაბადებულია 59 249 ბავშვი). ახალშობილთა შორის მეტია ბიჭი - 28 887 ბიჭია და 27 682 გოგო.

ბოლო წლებში ყველაზე მეტი ბავშვი დაბადებულია 2009 წელს - 63 377, ყველაზე ცოტა კი - 2008 და 2016 წლებში.

საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2015 წელთან შედარებით 3,4%-ით გაიზარდა და 50 771 შეადგინა.

2016 წლის ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას შორის) წინა წელთან შედარებით 42,8%-ით შემცირდა და 5 798 შეადგინა. ბუნებრივი მატება არის თბილისში, რეგიონებიდან კი აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონებში. ხოლო სხვა რეგიონებში გარდაცვლილთა რაოდენობა მეტია დაბადებულთა რაოდენობზე.

ასევე, ბოლო წლებში მომატებულია განქორწინებულთა რიცხვი. განქორწინების რიცხვი ბოლო 9 წელიწადში გაოთხმაგებულია. მაგალითად, 2007 წელს 2 325 ქორწინება შეწყდა, 2016 წელს კი - 9 539.

შემცირებულია ქორწინების რიცხვი. 2016 წელს ქორწინების რიცხვია - 25 101, 2015 წელს - 29 157, დაახლოებით 4 ათასით ნაკლები, ვიდრე 2016 წელს.

ანზორ თოთაძე ამბობს, რომ მოსახლეობის შემცირების მიზეზი მათი დიდი ნაწილის საზღვარგარეთ მიგრაციაა. უმუშევრობის გამო მოსახლეობა გასულია საქართველოდან და საუბარია დაახლოებით 1.7 მილიონ ადამიანზე.

"საზღვარგარეთ სულ ახალგაზრდა, ძალ-ღონით სავსე, ჯანმრთელი, 20-დნ 50-წლამდე ადამიანები წავიდნენ. საქართველოში დარჩნენ ბავშვები და მოხუცები. ამიტომაცაა, რომ მოსახლეობაში ასაკოვანთა წილი გაიზარდა და იზრდება სიკვდილიანობა, შობადობა კი მცირდება.

"1,7 მილიონი ადამიანი როდესაც იმ ასაკში წავა ქვეყნიდან, როცა შვილები უნდა გააჩინოს, ბუნებრივია, შობადობა შემცირდება.

"ერთ პატარა მაგალითს მოვიყვან: 1980-დან 1989 წლის ჩათვლით საქართველოში 455 000 გოგონა დაიბადა. ამ გოგონებმა სწორედ დღეს მიაღწიეს იმ ასაკს, როდესაც შვილებს აჩენენ და ჯერ კიდევ იბადება ბავშვები, თუმცა ეს რიცხვი მომავალში თანდათანობით დაიკლებს, რადგან ბოლო 10 წელიწადში, 2000-იან წლებში, 236 000 გოგონა დაიბადა. ეს გოგონები უკვე შედიან დედობის ასაკში, მაგრამ მათი რაოდენობა ცოტაა. სად 455 000 და სად - 236 000. ამიტომაც მომდევნო წლებში უფრო ცოტა ბავშვი დაიბადება და შობადობაც ძალიან შემცირდება, ვიდრე წინა წლებში იყო", - ამბობს თოთაძე.

მისი თქმით, ასევე პრობლემაა სელექციური აბორტები.

"კანონზომიერებაა, როდესაც 100 გოგონაზე 103-105 ვაჟი იბადება, მაგრამ 1 წლამდე ასაკში ვაჟი ბევრად მეტია, ვიდრე, გოგონები. ასეა შემდეგ ასაკშიც და როდესაც იმ ასაკს აღწევენ, როდესაც ბავშვები უნდა დაიბადონ, დაახლოებით 25 წლის ასაკში, რაოდენობა უკვე თანაბარია.

"ახლა შერჩევითი აბორტებია, ძალიან ბევრს უნდა, ჰყავდეს ვაჟი და არა ქალი. ეს სურვილი გამოკვეთილია კავკასიაში, ჩინეთში, კორეაში. გარდა იმისა, რომ მუცლად მყოფ ნაყოფს კლავ მხოლოდ იმიტომ, რომ ის გოგოა, ეს ასევე ძალიან ცუდია დემოგრაფიისთვის. ამ აბორტების გამო ბოლო წლებში რამდენიმე ათასი გოგონა არ დაიბადა და ამის გამოც შემცირდა შობადობა. ცოტა გოგონა უფრო ცოტა ბავშვს დაბადებს", - აღნიშნავს თოთაძე.

ის ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობა მცირდება და თუ რამე არ შეიცვალა, 10-15 წელიწადში კატასტროფული მდგომარეობა გვექნება.

"მოსახლეობა მცირდება მთელ რიგ რეგიონებში, უმეტესად კი ქართველებით დასახლებულ რეგიონებში - იმერეთში, გურიაში, კახეთში, სამეგრელოში, სვანეთში, მეტი გარდაცვალებაა, ვიდრე დაბადება.

"დასავლეთ საქართველოში საშინელი მდგომარეობაა. ერთი თხილი ჰქონდათ შემოსავალი და ახლა იცით, რა მდგომარეობაცაა. ეს სიღარიბე გავლენას ახდენს დემოგრაფიაზე. ძალიან რომ არ იკლებს საქართველოს მოსახლეობა, ეს იმის ხარჯზეა, რომ თბილისში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლში არის შობადობა.

"ბოლო 13 წელიწადში, 2002 წლის აღრიცხვიდან 2015 წლის აღწერამდე მოსახლეობა 500 000-ით შემცირდა და აქედან 2/3 შემცირდა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა, იმიტომ, რომ საარსებო არაფერი არ აქვთ. სიღარიბე განაპირობებს დემოგრაფიულ უმძიმეს მდგომარეობას", - აცხადებს თოთაძე.

ეკატერინე ბასილაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"