დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ შესახებ იმსჯელეს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დღეს მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართა, სადაც „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ შესახებ სასაუბროდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, არქიტექტორები, მშენებლობის დარგის ექსპერტები და განათლების სფეროს წარმომადგენლები იყვნენ მოწვეული.

როგორც საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, კანონპროექტი „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში შემოვიდა განსახილველად. სპეციალისტთა შორის კამათს და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს დოკუმენტში გამოყენებული მთავარი ცნებების „სივრცითი მოწყობა“, „არქიტექტურა“ და „მშენებლობა“ ურთიერთდაკავშირება, მათი ადგილი და როლი დოკუმენტში, ასევე მათი პრაქტიკული მნიშვნელობა.

„ეს არის კანონი, რომელსაც ფართომასშტაბიანი კონსენსუსი სჭირდება, ამიტომ გადავწყვიტეთ სფეროს წარმომადგენელთა შორის საყოველთაო შეთანხმების მისაღწევად მოგვესმინა მათი მოსაზრებები. დღევანდელი შეხვედრის მიზანია, რომ ამ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებში გავერკვეთ სად არის სიმართლე. ჩვენ დღეს მივაღწიეთ იმას, რომ უკვე გვაქვს ხედვა, თუ როგორ დავაახლოვოთ ეს პოზიციები“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.

ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ დოკუმენტზე მუშაობა გაგრძელდება, კომპეტენტური სპეციალისტები უახლოეს დღეებში კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და იმსჯელებენ კოდექსის ოპტიმალურ ვარიანტად ჩამოყალიბების თაობაზე, რის შემდეგაც დოკუმენტის განხილვა პარლამენტში გაგრძელდება.