ლარის გაუფასურების 3 მიზეზი

ბოლო 1 კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 თეთრით გაუფასურდა.

ევროსთან მიმართებაში კი ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ევროს ოფიციალური ღირებულება გასულ კვირას 3 ლარსაც გასცდა.

ექსპერტი ლევან კალანდაძე „რადიო პალიტრის“ გადაცემაში „საქმე“ აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლარის გაუფასურების გარე და შიდა ეკონომიკური ფაქტორები გამორიცხულია და ეროვნული ვალუტის კურსის რყევის 3 მიზეზს ასახელებს.

„ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ლარზე უარყოფითად 3 მიზეზი მოქმედებს, რომლებმაც ერთობლიობაში ლარის ბოლო პერიოდის რყევა გამოიწვია. პირველი მნიშვნელოვანი მიზეზი არის - მოლოდინები. საქართველოში სტერეოტიპულად ჩამოყალიბებულია, რომ არჩევნების შემდეგ ლარი უნდა გაუფასურდეს და საარჩევნო პერიოდის შემდეგ მოლოდინების ცვლილება დოლარზე მოთხოვნის გაზრდას იწვევს, რაც თავის მხრივ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ცვლილებას განაპირობებს.

მეორე მიზეზია - სეზონურობა. საქართველო იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანაა. ამიტომ როგორც წესი, იმპორტიორი ორგანიზაციები ცდილობენ ნოემბერში დეკემბრისთვის მარაგები შეივსონ. რის გამოც, ამ პერიოდში ჩვეულებრივზე ცოტა მეტი ვალუტის შესყიდვა დასჭირდათ.

ამასთან, არ გამოვრიცხავ სპეკულაციურ ოპერაციებს. რადგან ერთი მხრივ, საქართველოს ორგანიზაციებს ფინანსური ვალდებულებები აქვთ უცხოელი პარტნიორების მიმართ და ეს ვალდებულებები შესასრულებელი იყო. ამასთან, მსგავსი სპეკულაციური ოპერაციებისთვის სწორედ არჩევნების შემდეგი პერიოდია კარგი,“-აღნიშნა კალანდაძემ.

მისივე თქმით, ამ სპეკულაციებს ახორციელებენ ფინანსური ინსტიტუტები, ვინც ბლუმბერგის სისტემაში ოპერირებს. თუმცა, როგორც ლევან კალანდაძე აღნიშნავს, მსგავსი სპეკულაციების განხორციელება კანონდარღვევა არ არის.