არაბული სამყაროს ყველაზე გავლენიანი ქალი საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა

არაბული სამყაროს ყველაზე გავლენიანი ქალი, Olayan Financing Co.-ის აღმასრულებელი დირექტორი, ლუბნა ოლაიანი საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაცნობით დაინტერესდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საუდის არაბეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი 14 ნოემბერს საუდის არაბეთში საქართველოს ელჩს გიორგი ჯანჯღავას შეხვდა.

„შეხვედრაზე ლუბნა ოლაიანს საქართველოს ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა. განხილულ იქნა ბოლო პერიოდში საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის საქმიანი ურთიერთობების მზარდი დინამიკა. საუბარი შეეხო საუდელი ბიზნესმენების საქართველოთი დაინტერესებას და მათ მიერ ქვეყანაში უკვე განხორციელებულ ინვესტიციებს. შეხვედრის დასასრულს ლუბნა ოლაიანმა გამოთქვა სურვილი მომავალ წელს, თავის ჯგუფთან ერთად ეწვიოს საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და ქვეყნის უკეთ გაცნობის მიზნით,“-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბოლო რამდენიმე წელია, ოლაიანი Forbes-ის მიერ სახელდება, როგორც არაბული სამყაროს ყველაზე გავლენიანი ქალი. ასევე Forbes-ის მიხედვით ოლაიანების ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარია სამეფოში, რომლის მფლობელობაშია უმსხვილესი Olayan Group-ი. ოჯახის კაპიტალი 8 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.