საქართველოში ქონების დაკარგვის კანდიდატთა რიცხვი ბოლო თვეების განმავლობაში სწრაფად იზრდება.
მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში გადახდისუუნარო ადამიანების რაოდენობამ 4,8 ათასით მოიმატა. თუ 2018 წლის 20 იანვრისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს, მოვალეთა რეესტრში 234 958 ჩანაწერი იყო, ახლა ეს რიცხვი 239 831-ს შეადგენს. შედეგად გამოდის, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის 6,4% გადახდისუუნაროა, რაც საკმაოდ საგანგაშო მაჩვენებელია. (სტატისტიკის სამსახურის მონაცემების, საქართველოში დღეს 3,718,2 მლნ ადამიანი ცხოვრობს.)
ზოგადად, მოვალეთა რეესტრის მონაცემები სწრაფად იცვლება, რადგან დავალიანების დაფარვის შემთხვევაში ბაზიდან პირის ამოღება ხდება. თუმცა ფაქტია, რომ ბოლო წლებში ის ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ეკონომისტების პოზიციით, მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა მომავალშიც გაიზრდება. სპეციალისტები ამის მიზეზად ქვეყანაში დაბალ ეკონომიკურ აქტივობას უკავშირებენ, ასევე მნიშვნელოვან ფაქტორად სამომხმარებლო კრედიტების გამარტივებას და მასზე დაწესებულ მაღალ საპროცენტო განაკვეთს ასახელებენ.
იმისათვის, რომ მდგომარეობა შეიცვალოს, მინიმუმ ეკონომიკურმა აქტივობამ უნდა მოიმატოს. „საჭიროა ადამიანს გაუჩნდეს ფული, რომ მან დავალიანება წლების წინ შეძენილი ქონების გასხვისებით არ დაფაროს“, - ამბობენ ეკონომისტები.
ცნობისათვის, აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულია ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლის მიმართაც 2010 წლის პირველი იანვრიდან იძულებითი სააღსრულებლო საქმის წარმოებაა.აღსრულების ბიუროში განმარტავენ, რომ რეესტრში ყველა სახის დავალიანების შესახებ ინახება ინფორმაცია. მათ შორის სამგზავრო ჯარიმების თაობაზეც.