ყველა მეტ-ნაკლებად განვითარებულ და თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში არსებობენ ორი კატეგორიის ეკონომიკური ქცევის ადამიანები: Savers – ვინც ფულს, რესურსს ზოგავს დღეს, რათა მომავალში დახარჯოს და Spenders – ვისაც თავისი ბიზნეს იდეების განსახორციელებლად ფული დღეს სჭირდება.
ამ ორი კატეგორიის ადამიანები ერთმანეთს საფონდო ბირჟაზე ხვდებიან – დამზოგავები ყიდულობენ პერსპექტიულ აქციებს, მხარჯველები აქციებიდან ამოღებული კაპიტალით ავითარებენ ბიზნესს.
“საქართველოს საფონდო ბირჟა” 18 წლის წინ შეიქმნა USAID-ის დახმარებით და ის საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთი ლიცენზირებული ბირჟაა.
დღეის მონაცემებით, “საქართველოს საფონდო ბირჟაზე” შეგიძლიათ შეიძინოთ A კატეგორიის სამი ემიტენტის (EBRD-ის, სილქნეტის და საქართველოს ბანკის), B კატეგორიის 6 ემიტენტის და 101 უკატეგორიო კომპანიის აქციები თუ ობლიგაციები.
აქციების მინიმალური ფასი 1 თეთრიდან იწყება (სს “თელიანი ველი”, სს “ლიბერთი ბანკი”) და 50 ლარს აღწევს (სს “თბილისის უნივერსალური სავაჭრო ბაზა”), ხოლო ობლიგაციებს 1000 ლარიდან (სს “სილქნეტი”) 10 000 აშშ დოლარამდე ფარგლებში შეიძენთ (სს “ნიკორა”).
ბირჟის საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 2017 წლის ბოლოსთვის შეადგენს 1,27 მილიარდ დოლარს.
აქციებით ვაჭრობა შესაძლებელია როგორც “საქართველოს საფონდო ბირჟის” სავაჭრო დარბაზში, ასევე ლიცენზირებული ბროკერების მეშვეობით.
ბირჟაზე დაშვებული 10 ყველაზე დიდი ქართული კომპანიის ჯამური კაპიტალიზაციით იზომება “საქართველოს საფონდო ბირჟის ინდექსი” GSX, რომელსაც 2009 წლიდან (72.78) 2017 წლის ოქტომბრამდე (116.62) სტაბილურად მცირე ზრდა ჰქონდა, თუმცა 2017 წლის ნოემბერში ინდექსი თითქმის გაორმაგდა (227.17) – ამის სავარაუდო მიზეზი შეიძლება სს “ლიბერთი ბანკის” გაყიდვა იყოს.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ასრულებს “საქართველოს საფონდო ბირჟა” ქვეყნის კაპიტალის ბაზრის ფუნქციას და ფინანსური სექტორისთვის ლიკვიდური კაპიტალის მიწოდებას – ამის გასარკვევად ისიც კი კმარა, რომ 2018 წლის 26 იანვრიდან დღემდე ქართულ ბირჟაზე სულ 25 გარიგება დაიდო, რომელთა საერთო ღირებულებამ 117 527 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც ლონდონის საფონდო ბირჟა ამავე პერიოდში დღეში საშუალოდ 6 მლრდ 192 მლნ ევროს ვაჭრობდა. მოსკოვის საფონდო ბირჟის ბრუნვამ ბოლო 1 თვეში 58 ტრილიონი რუსული რუბლი (დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარი) შეადგინა. ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანზე ბოლო თვის მონაცემი ვერ ვნახეთ, თუმცა შედარებისთვის ისიც კმარა, რომ 2017 წელს ბაქოს საფონდო ბირჟაზე ბრუნვამ 11 მილიარდ აზერბაიჯანულ მანათს (6.52 მილიარდი დოლარი) გადააჭარბა.
საქართველოში საფონდო ბირჟის განუვითარებლობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:
1. ძალიან მცირეა შიდა დანაზოგები;
2. საზოგადოება საერთოდ არაა ინფორმირებული ბირჟის არსებობისა და არსის შესახებ;
3. ამის გამო, ის მოქალაქეები, ვინც მაინც ახერხებს რაიმეს დაზოგვას, საკუთარ ფულს უფრო “სანდო, ტრადიციულ” აქტივებში აბანდებს – ყიდულობს უძრავ ქონებას, ძვირფას მეტალებს, ანტიკვარიატს.
ის სააქციო საზოგადოებებიც, რომლებიც საკუთარი ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობენ ჩვენს საფონდო ბირჟაზე, იმდენად იშვიათად გასცემენ დივიდენდებს, რომ ვერც მათ პირად ვებ-გვერდებზე და ვერც საფონდო ბირჟის საიტზე მსგავსი ინფორმაცია ვერ ვნახეთ.
შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ “საქართველოს საფონდო ბირჟას” დღეს აქვს სუფთა ბუტაფორიული ფუნქცია, მაგრამ მისი არსებობა მაინც აუცილებელია სამომავლოდ კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის.
ასევე, თუ მაინც გადაწყვეტთ რომელიმე ქართული სააქციო საზოგადოების ფასიანი ქაღალდების შეძენას, შეგიძლიათ ეწვიოთ ბირჟის ოფიციალურ ვებგვერდს, ან ბირჟის და მისი ბროკერების სავაჭრო დარბაზებს. ქართულ საფონდო ბაზარზე კი ფულის ჩადება ალბათ საბანკო სექტორში ღირს – ეს სფერო საქართველოში ყველაზე მეტად განვითარებული და სტაბილურად მზარდია.
წყარო: at.ge