ზემო ლარსზე პირველი ლოგისტიკური ტერმინალი ექსპლუატაციაში 2017 წლის ნოემბერში უნდა შესულიყო, თუმცა ამ დრომდე არ ამოქმედებულა.
მიზეზი ბიუროკრატიული პროცედურებია. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანიის Murphy Kazbegi-ის ადმინისტრაციის უფროსი ეკატერინა ზამბახიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, საბოლოო ნებართვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან ელოდება.
„სანამ ტერმინალი ექსპლუატაციაში შევა, გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურებია გასავლელი, რის გამოც ეს პროცესი ისევ გადაიდო. კომპანია აუდიტორულ დასკვნებს ამზადებს, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს განსახილველად წარედგინება. შემდეგ უკვე სამინისტროსგან ნებართვა გაიცემა და ექსპლუატაციაშიც შევა.
გარდა ამისა, ჩვენს ტერიტორიაზეა საბაჟო გამშვები პუნქტიც. ტერიტორიის და შენობის გადაცემაც უნდა მოხდეს. ესაც გარკვეულ პროცედურებს და დროს მოითხოვს. ამ ეტაპზე ზუსტი ვადების დასახელება გაგვიჭირდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულზე, უახლოეს თვეებში მოესწრება“, - აღნიშნავს ზამბახიძე.
მისი ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები თითქმის დასრულებულია, რჩება სასტუმროს მშენებლობა, რომელიც კლიმატური პირობების გაუარესების გამო, შეჩერებული იყო და ახლა ისევ გაგრძელდა.
„მშენებლობა ფაქტობრივად, დასრულებულია, ხიდიც მზად არის ექსპლუატაციაში შესასვლელად. კლიმატურმა პირობებმა ხელი შეგვიშალა და გარკვეული სამშენებლო სამუშოები დროულად ვერ ჩავატარეთ. ამ ეტაპზე სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. სასტუმრო იქნება არა მხოლოდ მძღოლებზე, არამედ ტურისტებზე გათვლილი. რეგიონში ტურისტების დიდი ინტერესია, სეზონზე სასტუმროები გადატვირთულია, ადგილები არ არის და ამდენად, ჩვენ შევძლებთ, რომ ეს ტურისტები ჩვენთან დავაბინაოთ. სასტუმროსთან ერთად, გასართობი დაწესებულებები, რესტორნები, კაფეები, მაღაზიები განთავსდება. სასტუმროში მინიმუმ 30 ოთახი იქნება“, - აცხადებს ეკატერინა ზამბახიძე.
რაც შეეხება ახალ ლოკაციებს და ტერმინალების სხვა რეგიონებში მოწყობას, Murphy Kazbegi-ის ადმინისტრაციის უფროსი განმარტავს, რომ ზემო ლარსის ტერმინალის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ეს პროცესები ეტაპობრივად დაიწყება. თავდაპირველად ნათქვამი იყო, რომ ლოგისტიკური ტერმინალები 12 ლოკაციაზე მოეწყობოდა, მათ შორის, წითელ ხიდზე, ქუთაისში, სარფში, ფოთში. ზამბახიძის თქმით, ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
როგორც ცნობილია, ლოგისტიკური ტერმინალი ბრიტანული კომპანია Murphy Shipping -ის ქართული წარმომადგენლობის Murphy Holding-ის საქართველოში პირველ პროექტია. პროექტი ყაზბეგში კომპანია Murphy Kazbegi-ის მიერ ხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ტიპის ლოგისტიკური ტერმინალის მშენებლობას, რომელიც მომხმარებლებს სრულ საბაჟო მომსახურებას, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ტირპარკს, ლაბორატორიებს, სპეციალიზირებულ საწყობებს, საოფისე სივრცეს, დაზღვევას, სასტუმროს, ავტო სერვისს, ავტომობილების სამრეცხაოს და სხვა დამატებით მომსახურებებს შესთავაზებს.
სამშენებლო სამუშაოები 2016 წელს დაიწყო, მათ შორის, ხიდის მშენებლობა, გზის გაფართოება, სასტუმროს მშენებლობა, საბაჟოს სკანერის სამართავი პულტისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა. ასევე, დაიწყო შემოღობვითი სამუშაოები. ასევე, ცნობილია, რომ თავდაპირველად ექსპლუატაციაში ავტომანქანების სადგომი შევა. სატვირთოების გარდა, სადგომით სარგებლობა მსუბუქ ავტომობილებსაც შეეძლებათ. ლოგისტიკურმა ცენტრმა სატვირთო ავტომობილების ქაოსური მოძრაობა უნდა განტვირთოს.
ზემო ლარსზე პირველი ლოგისტიკური ტერმინალის მშენებლობის სავარაუდო ინვესტიცია 560 მილიონი აშშ დოლარი იქნება, რომელიც შესაძლოა, გაიზარდოს კიდეც.
თეონა კენჭიაშვილი