თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობის თარიღი ცნობილია.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიის ქონების მართვის სააგენტოში განუცხადეს, საპირფარეშოები მაისიდან ეტაპობრივად მოეწყობა.
მათი ინფორმაციით, 30 საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობა გასული წლის პირველ დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა გარკვეული ხელისშემშლელი მიზეზების გამო, ვადებმა მაისამდე გადაიწია.
„სამუშაობის წარმოების პროცესში, მიწისქვეშა კომუნიკაციებთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნა, თუმცა ეს კონტრაქტორი კომპანიის ბრალეულობით არ მომხდარა. ამიტომაც მათ ვადა ივლისის ბოლომდე გადავუწიეთ. ხელშეკრულების მიხედვით, ივლისის ბოლოს 30 ადგილზე საზოგადოებრივი საპირფარეშო გვექნება. თუმცა მანამდეც, მაისიდან ეტაპობრივი განთავსება დაიწყება“, - განმარტავენ ქონების მართვის სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად საპირფარეშოების მოსაწყობად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.
„მიწისქვეშა კომუნიკაციებს აწესრიგებენ და ტერიტორიები მზადდება. კომპანიას მზა დანადგარები აქვს შეკვეთილი, რომლებიც უახლოეს თვეებში საქართველოში ჩამოვა და შერჩეულ ადგილებში განთავსდება. დანადაგრები დასუფთავება-რეცხვას ავტომატურ რეჟიმში მოახდენენ“, - აღნიშნავენ სააგენტოში.
გასულ წელს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამართულ აუქციონში, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობას გულისხმობს, შპს „კონსალტინგ გრუპმა“ გაიმარჯვა. რეტერატების მოსაწყობად 30 ადგილი აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას ოცწლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა.
როგორც მაშინ დედაქალაქის მერიაში განმარტავდნენ, აუქციონის პირობების თანახმად, საზოგადოებრივი საპირფარეშო ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, საინფორმაციო წარწერებზე გათვალისწინებული უნდა იყოს ბრაილის შრიფტი და, ამასთან, აღჭურვილი ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით. თანამედროვე, ავტომატიზირებული მასალებით მოპირკეთებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოვლა-პატრონობასა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე პასუხისმგებელი იქნება მოიჯარე, რომელიც ასევე ვალდებულია უზრუნველყოს ცხელი ხაზის მუშაობა კვირაში 7 დღის განმავლობაში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით.
საზოგადოებრივი საპირფარეშო იფუნქციონირებს ნაღდ ანგარიშსწორებაზე, ან/და სპეციალურ ბარათებზე (მაგ. „მეტრომანი“).
საზოგადოებრივი საპირფარეშოები განთავსებული იქნება შემდეგ მისამართებზე: 1. მ/ს დიდუბე, ქვედა შესასვლელი; 2. ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარედ გულიას ქუჩა; 3. ჩაჩავას ქ. #1-ის მიმდებარედ; 4. ჭავჭავაძის გამზირი #30-ის მიმდებარედ; 5. მ/ს ისანის მიმდ. წამებულის ქ. #76 მოპირდაპირედ; 6. ორთაჭალის ავტოსადგურის მოპირდაპირედ გულიას ქ; 7. სააკაძის მოედანი; 8. ათონელის ქ. ალექსანდრეს ბაღი; 9. მ/ს დიდუბე. ზედა შესასვლელი; 10. ყაზბეგისა და პეკინის ქუჩების კვეთა; 11. სადგურის მოედანი 1; 12 რიყის პარკი-2; 13. მ/ს ავლაბართან; 14. კიკვიძის ბაღი-2; 15. კიკვიძის ბაღი -1; 16. საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია; 17. კუს ტბის მიმდებარედ; 18. ბაგები, სტუდქალაქის ტერიტორიაზე, ავტობუსების ბოლო გაჩერებაზე; 19. კახეთის გზატკეცილი-1 (ლილო); 20. კახეთის გზატკეცილი-2 (ლილო); 21. მტკვრის მარცხენა სანაპირო (ელიავას ბაზრობის მიმდ.); 22. აგლაძის ქუჩა #11ა მიმდ. (ელიავას ზედა შესასვლელთან); 23. დიღმის მასივი, მაიაკოვსკის სახ. სკვერი; 24. დიღმის მასივი, ე. მიქელაძის ქუჩა #12; 25. დ. აღმაშენებლის გამზირი #19, სკვერში; 26. გურამიშვილის ქუჩა მ/ს სარაჯიშვილი-ს მიმდ; 27. ც. დადიანის ქუჩა მ/ს ნაძალადევის მიმდ; 28. ც. დადიანის ქუჩა გადასასვლელი ხიდის მიმდ; 29. წინამძღვრიშვილის ქუჩა დეზერტირების მიმდ; 30. ა. წერეთლის გამზირი დინამოს მიმდებარედ.
თეონა კენჭიაშვილი