იანვარ-თებერვალში ექსპორტზე 14 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ოქრო გავიდა

2018 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 683.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტი 446.4 მლნ დოლარი იყო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი 75 მლნ აშშ დოლარით სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა. ფეროშენადნობების ექსპორტი 48.9 მლნ აშშ დოლარი იყო; მესამე ადგილზე კი მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა, რომლის ექსპორტმაც 38 მლნ დოლარი შეადგინა.

10 უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებს შორის მოხვდა ოქრო დაუმუშავებელი, ნახევრადდამუშავებული ან ფხვნილის სახით. კერძოდ, საქსტატის ცნობით, ამ ჯგუფის ექსპორტმა გასულ თვეებში 14.4 მლნ ამერიკული დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 11.4 მლნ დოლარი იყო.