დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს, მაისში დასრულდება.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ მერის წარმომადგენელმა დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ინაშვილმა განუცხადა, პირველი ეტაპი ე.წ. ბულვარისა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციას გულისხმობს.
„დუშეთის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ისტორიული სკვერის, ე.წ. ბულვარისა და ეკლესიის რეაბილიტაციას. ასევე, გზებზე ფილების დაგებას, განათების 160 ლამპიონის დამონტაჟებას და ა.შ. პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულების ვადა არის 25 მაისი, თუმცა შეიძლება თარიღი შეიცვალოს. გააჩნია, დროში რამდენად მოესწრება“, - აღნიშნავს ინაშვილი.
რაც შეეხება მეორე ეტაპს, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე 40 სახლის რეაბილიტაციას გულისხმობს, შალვა ინაშვილის თქმით, სავარაუდოდ, ტენდერი მაისში გამოცხადდება და სამუშაოების განმახორციელებელი კომპანია გამოვლინდება.
„ჩვენ პროექტის დონეზე ყველა ეტაპი გავლილი გვაქვს. ბულვარის მიმდებარედ 40 სახლია, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსები აქვთ მინიჭებული და სწორედ მათი რეაბილიტაცია დაიწყება. მსოფლიო ბანკს ველოდებით. შემდეგ უკვე მუნიციპალური განვითრების ფონდი ტენდერის გამოაცხადებს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია რომ გამოვლინდება, მეორე ეტაპიც დაიწყება. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს მუნიციპალურ ფონდთან და სავარაუდოდ, მეორე ეტაპის სამუშაოების დაწყება მაისში უკვე შესაძლებელი იქნება“, - განმარტავს ინაშვილი.
მისივე ინფორმაციით, მთლიანობაში დუშეთის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია-განვითარება ტურიზმის გაძლიერებისკენ არის მიმართული: „რამდენიმე სახლი საოჯახო სასტუმროდ გადაკეთდება. ამისი სურვილი თავად მოსახლეობას აქვს. ასევე, ზოგიერთ სახლს ძირვძელი მარნები აქვთ და აქაც შეიძლება კომერციული ობიექტები მოეწყოს“.
რაც შეეხება ფინანსებს, როგორც ცნობილია, მთლიანობაში დუშეთის მუნიციპალიტეტში ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პროექტს მსოფლიო ბანკი დაახლოებით 12 მილიონი ლარით დააფინანსებს. კონკრეტულად ბულვარის რეაბილიტაციისთვის კი 2 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. პროექტით გათვალისწინებულია: შადრევნის, სანიაღვრეების და კანალიზაციის ქსელის მოწყობა. ასევე, საყრდენი კედლის გამაგრება და ბილიკებისა და პატარ-პატარა სკვერების მოწყობა. სამუშაოები ითვალისწინებს პარკში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის გარემოპირკეთებას.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, დუშეთი 18-19-ე საუკუნეებში აგებულ ისტორიულ ძეგლებს, საცხოვრებელ სახლებსა და ნაგებობებს პირვანდელი სახით დაიბრუნებს. მსოფლიო ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ერთობლივი პროექტი სამ ეტაპად დაიგეგმა და მთლიანობაში ქალაქის მთავარი სკვერის - ე.წ. ბულვარის და 97 ნაგებობის სრულ აღდგენას მოიცავს. დუშეთის პარკის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდას. შეიქმნება ხელსაყრელი პირობები ტურიზმის განვითარებისთვის. პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ენსისი“ ახორციელებს.
დუშეთი 2015 წელს მცირე და საშუალო ზომის ქალაქების მსოფლიო ასოციაციის წევრიც გახდა. ქალაქს ურბანული და არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
თეონა კენჭიაშვილი