ქარხანა, რომელშიც წარმოებული ელექტროავტობუსები ექსპორტზე ევროკავშირში გავა, სავარაუდოდ, რუსთავში აშენდება.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ განუცხადა.
„როგორც იცით, ქარხნის ასაშენებლად 4 ლოკაცია იყო შერჩეული, აქედან ერთი თბილისის, ორი რუსთავის, ხოლო ერთი გარდაბნის ტერიტორიაზე. მართალია, კონკრეტული ადგილის შესარჩევად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა დიდი ალბათობით კვლევაზე მომუშავე ჯგუფი რუსთავში მდებარე ტერიტორიაზე ჩამოყალიბდება და ქარხნის მშენებლობაც, სწორედ რუსთავის ტერიტორიაზე დაიწყება.
რაც შეეხება ქარხნის მშენებლობის დაწყების თარიღს, ამ ეტაპზე ზუსტი პერიოდის თქმა გამიჭირდება, თუმცა მშენებლობის თარიღებზე უახლოეს მომავალში მოგახსენებთ,“-აღნიშნა პატარაიამ.
მისივე თქმით, ელექტროავტობუსების წარმოების დაწყებამდე, სადემონტრაციოდ საქართველოში ზუსტად ისეთი ელექტროავტობუსის ჩამოყვანა გადაწყვიტეს, რომლის ანალოგების წარმოებაც ამ ქარხანაში მოხდება. აღნიშნული 1-ლი ელექტროავტობუსი თბილისში, რამდენიმე დღეში გამოჩნდება და 61-ნომერი ავტობუსის ხაზზე იმოძრავებს.
შეგახსენებთ, რომ ელექტროავტობუსების წარმოებისთვის „ფრეგობასმა“ ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-სთან და გერმანულ EURABUS-თან ერთად კონსორციუმი შექმნა და მემორანდუმსაც მოაწერა ხელი. საქართველოში წარმოებული ელექტროავტობუსები ევროკავშირში გავა, რასაც გერმანული კომპანია EURABUS-ი უზრუნველყოფს.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, საქართველოში ელექტროავტობუსების მწარმოებელ ქარხანაში, სადაც 200-მდე ადამიანი დასაქმდება, თვეში 200-300 ავტობუსის წარმოება იქნება შესაძლებელი.