საქართველოში 17 330 უცხოელი მუშაობს - ბიზნესის რომელ სექტორში საქმდებიან არარეზიდენტი პირები

საქართველოში დასაქმებული უცხოელების რაოდენობა ერთ წელიწადში 17%-ით გაიზარდა. 2017 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში სულ 17 330 არარეზიდენტი პირი მუშაობდა და მათი უმეტესობა, დაახლოებით 47% მცირე საწარმოებში იყო დასაქმებული.

ეს არის ეკონომიკის სამინისტროს კვლევის შედეგები, რომელიც საწარმოებში გამოკითხვის შედეგად ჩატარდა და რომელიც სავარაუდოდ, სრულ სურათს ვერ ასახავს. სრული სურათისთვის „ბიზნესპრესნიუსმა“ მონაცემები ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოითხოვა, თუმცა დღემდე მათგან პასუხი, თუ რამდენ ადამიანს მიენიჭა 2017 წელს შრომითი ბინადრობის უფლება, არ მიგვიღია.

როგორც ცნობილია, 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან საქართველომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამკაცრა, იმ პერიოდიდან ძალაში შევიდა მთავრობის #520 დადგენილება, რომელიც უცხოელებისთვის ბინადრობის გაცემას არეგულირებს. სწორედ იმ დროიდან გახდა შესაძლებელი რეალობასთან უფრო მოახლოებული სტატისტიკური მონაცემების მიღება საქართველოში დასაქმებულ უცხოელებზე.

„ბიზნესპრესნიუსმა“ 2018 წლის თებერვალში სერვისების განვითარების სააგენტოსგან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რამდენ არარეზიდენტ პირს მიეცა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა. მიუხედავად იმისა, რომ კანონი მათ ავალდებულებს, ინფორმაცია დაუყონებლივ ან 10 სამუშაო დღის ვადაში გასცენ, სერვისების განვითარების სააგენტოს ჩვენთვის მონაცემები ჯერ არ მოუწოდებია.

უცხოელების დასაქმებასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია მხოლოდ ის მონაცემი, რაც ეკონომიკის სამინისტროს კვლევაშია მოცემული და რომელიც საწარმოთა ნაწილის გამოკითხვისას შედგა. ამ კვლევის მიხედვით, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დასაქმებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 17%-ით და სულ 17 330 კაცი შეადგინა (მთლიანი დასაქმების 2.2%);

უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების ძირითად მიზეზად დასახელდა საწარმოს უცხოელი დამფუძნებელი/მენეჯმენტი (65,8%) და ის, რომ საწარმო წარმოადგენს უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალს (17,3%);

ამავე კვლევის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად დასაქმებულებია მშენებლობაში, საბითუმო და საცალო ვაჭრობასა და ტურიზმის დარგებში; უცხო ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად დასაქმებულები არიან მიკრო (46,9%) ზომის საწარმოებში, ხოლო მსხვილსა (24,2%) და მცირეში (20,9%) თითქმის პროპორციულად არის გადანაწილებული; საქართველოში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობა (79,3%) თბილისზე მოდის.

უფრო კონკრეტულად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად დასაქმებულები არიან ისეთ ეკონომიკურ სექტორებში, როგორიცაა: მშენებლობა - 5,560 დასაქმებული (უცხო ქვეყნის მოქალაქეების მთლიანი დასაქმების 31.6%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 4,757 დასაქმებული (27%), ტრანსპორტირება და დასაწყობება - 13,866 დასაქმებული (7.9%), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 1,260 დასაქმებული (7.2%) და ტურიზმი - 1,231 დასაქმებული (7%). მეტ-ნაკლებად თანაბარი რაოდენობის უცხო ქვეყნის მოქალაქეა დასაქმებული პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებისა (848/4.8% დასაქმებული) და დამამუშავებელი მრეწველობის (728/4.1% დასაქმებული) დარგებში. საკმაოდ მოკრძალებული წილი მოდის ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობებსა - 466 დასაქმებული (2.7%), ხელოვნება, გართობა და დასვენებასა - 350 დასაქმებული (2%) და სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობის - 189 დასაქმებული (1.1%) ეკონომიკურ სექტორებში, - აღნიშნულია კვლევაში.

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის რაისა ლიპარტელიანის განცხადებით, ზუსტი სტატისტიკა, თუ უცხოეთის რამდენი მოქალაქე მუშაობს საქართველოში, უცნობია. თუმცა მისივე თქმით, არიან უცხოური ინვესტიციით შექმნილი კომპანიები, სადაც დასაქმებულები ძირითადად არარეზიდენტი პირები არიან.

„როდესაც საქართველოში უცხოელი ინვესტორები მოდიან, მათ დიდი ნაწილს სამუშაო ძალა საკუთარი ქვეყნებიდან შემოყავთ. საქართველოში არ არსებობს წესი კვოტებთან დაკავშირებით, ანუ არ რეგულირდება, კომპანიას (საწარმოს) რამდენი ადამიანი უნდა ჰყავდეს ადგილობრივი დასაქმებული და რამდენი არარეზიდენტი პირი. ამიტომ, ინვესტიციების შემოდინება საქართველოში ავტომატურად არ ნიშნავს ადგილობრივების დასაქმებას. უფრო მეტიც, იმ კომპანიებში, სადაც ჩვენ სიტუაცია შევისწავლეთ, მათი მოქალაქეები გაცილებით უკეთეს პირობებში იყვნენ, ვიდრე ადგილობრივი კადრები“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ რაისა ლიპარტელიანმა.

ელზა წიკლაური