თბილისის სატელევიზიო ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის კონცეფციას ესტონური კომპანია შექმნის.
პროექტზე მუშაობა ესტონურმა „კოკო არქიტექტორებმა" 31 აგვისტომდე უნდა დაასრულოს, რაშიც კომპანია 100 500 ლარს მიიღებს.
თბილისის სატელევიზიო ანძაზე ტურისტული ღირსშესანიშნაობის მოწყობაზე შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა" ტენდერი 9 აპრილს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 120 ათასი ლარი იყო.
ტენდერში მონაწილეობა 2-მა კომპანიამ მიიღო - ესტონურმა „კოკო არქიტექტორებმა“ და ქართულმა „ქობულიები და პარტნიორები“. „კოკო არქიტექტორების“ მიერ საბოლოოდ შეთავაზებული თანხა იყო 100 500 ლარი, „ქობულიები და პარტნიორების“ კი 99 000 ლარი.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, ტურისტული ინფრასტრუქტურა 277,8 მეტრიანი ანძის 41-ე მეტრის სიმაღლეზე მდებარე კონსტრუქციაზე უნდა მოეწყოს. ადგილზე ასევე შეიძლება განთავსდეს მოძრავი იატაკის მქონე კვების ობიექტი, პანორამული პლატფორმა, ლიფტი ან საგამოფენო სივრცე. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ესტონურმა კომპანიამ რამდენიმე განვითარების სცენარი, ბიზნეს კონცეფცია და არქიტექტურული მონახაზი უნდა შექმნას.