ახალი ვალდებულება თხილის ექსპორტიორებისთვის

„თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

კერძოდ, მთავრობის მიმდინარე წლის 11 მაისის დადგენილებით, ბიზნესოპერატორი, რომელიც ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის გულს ამზადებს, ვალდებული იქნება HACCP-ს სისტემა დანერგოს. აღსანიშნავია, რომ HACCP-ს სისტემის დანერგვის ვალდებულება თხილის ექსპორტიორებს მიმდინარე წლის იანვრიდან გაუჩნდათ, თუმცა, მაშინ მხოლოდ გადამუშავებულ თხილის გულზე იყო საუბარი.

გარდა ამისა, 2018 წლის 11 მაისის დადგენილებით, ბიზნესოპერატორმა თხილის ექსპორტისას ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუში სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით უნდა აიღოს; ამასთან, აუცილებელი იქნება ლაბორატორიული კვლევის შედეგები სააგენტოს წარუდგინოს.

ცნობისთვის, მთავრობის 2018 წლის 11 მაისის დადგენილება 2018 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება.