ბაზრის დახლზე მოხვედრილი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის თითქმის 90%, კერძოდ ხილი და ბოსტნეული მიკრობიოლოგიურად დაბინძურებულია და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.ამის შესახებ გაეროს ექსპერტმა, ეკოლოგმა ხათუნა ახალაიამ „მთავარის“ პრესკლუბში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, სასოფლო სამეურნეო პროდუქციის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბაზარი, რომელიც გაჯერებულია გლეხურ მეურნეობებში მოყვანილი პროდუქციებით, მომხმარებლისთვის მაღალ რისკს წარმოადგენს. საუბარია იმ ნაყოფზე, რომელსაც უშუალოდ ნიადაგთან აქვს შეხება: მარწყვი, მწვანილი, ჭარხალი, სტაფილო, ასევე ვაშლი და ქლიავი, რომლებიც მიწაზე იყრება.
ხათუნა ახალაია მომხმარებელს ურჩევს დაიცვან ჰიგიენის ნორმები, ბაზარში შეძენილი პროდუქტი 15-20 წუთის განმავლობაში გააჩერონ გამდინარე წყალში, მწვანილი 10-15 წუთის განმავლობაში ჩააწყონ სოდიან წყალში, რაც ასე თუ ისე, გარკვეული ფორმით აცილებს მიკრობებს. ასევე, ჭარხალი და სტაფილო გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაითალოს, მოსცილდეს ის ფენა, რომელშიც შეიძლება იყოს მიკრობიოლოგიური დაბინძურება.
„მიწაზე ძალიან ხშირად ჩვენი ფერმერები იყენებენ ორგანულ სასუქს, როგორიცაა ნაკელი, რომელიც სასოფლო-სამერუნეო პროდუქტის მიკრობიოლოგიურად დაბინძურების ერთ-ერთი წყაროა,“-აღნიშნა ახალაიამ.