მსოფლიო მოსახლეობის თითქმის ნახევარი 5,5 დოლარზე ნაკლებით ცხოვრობს - რა ხდება საქართველოში

მსოფლიოში სიღარიბის მაჩვენებელი მართალია, შემცირდა, თუმცა ის მაინც მაღალი რჩება. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დღეში 5.5 დოლარით ცხოვრობს.

მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნები, სადაც ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3,20 დოლარი მოდის, ღარიბ ქვეყნად ითვლება, ხოლო 5,50 დოლარის მქონე ქვეყნები საშუალო შემოსავლის მქონე. უკიდურესი სიღარიბე კი განსაზღვრულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეში 1.9 დოლარზე ნაკლებად ცხოვრობენ.

მსოფლიო ბანკში აცხადებენ, რომ მიუხედავად გლობალური ეკონომიკის ზრდისა, სიღარიბის მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ მაღალია. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ მიზანი, 2030 წლისთვის უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის 3%-მდე შემცირდეს, ჯერჯერობით არაპერსპექტიული და მიუღწეველია.

რა სიტუაციაა ამ დროს საქართველოში - ოფიციალური სტატისტიკით ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის ხარჯი დღეში 5,5 დოლარზე ნაკლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი საშუალო შემოსავლის მქონეა. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ოფიციალური მონაცემები.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მოსახლეობის საშუალო ხარჯი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 312,2 ლარს (დღევანდელი კურსით 115,6 დოლარი) ანუ დღეში მოსახლეობა საშუალოდ 10,4 ლარს (3,8 დოლარი) ხარჯავს. რაც შეეხება ასაკით პენსიონერებს, მათი ყოველდღიური ხარჯი 2,2 დოლარს შეადგენს.