პირველადი მოხმარების იმპორტირებული პროდუქციაზე ფასები 3-7%-ით უკვე გაიზარდა.იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსი კიდევ დაეცა, ფასები უფრო მეტად გაიზრდება, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ განუცხადა.
დოლართან მიმართებით ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება აგვისტოდან დაიწყო. 10 აგვისტოს ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2,46 ლარი ღირდა, დღეს კი ერთი დოლარი 2,76 ლარია. 30 პუნქტით, ანუ 12%-ით გაუფასურებული ეროვნული ვალუტა, რასაც გაძვირებული საწვავი დაემატა, იმპორტირებული პროდუქციის ფასზე უკვე აისახა. ივა ჭყონიას განცხადებით, პირველადი მოხმარების საქონელი უკვე 3-7%-ით გაძვირდა.
„ლარმა კრიტიკული ზღვარი მაშინ გადალახა, როდესაც 2,6-ის ნიშნულს გადასცდა. 2,6-ის ნიშნულამდე შესაძლებელი იყო ფასების დაბალანსება, თუმცა მას შემდეგ ლარი ყოველდღიურად უფასურდება, რაც ცხადია ფასებზე ნეგატიურად აისახება. ამ ყველაფერს ემატება საწვავის გაძვირება, საწვავი და კურსი კი, როგორც იცით, დისტრიბუციაში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.
მისივე თქმით, ფასები კიდევ გაიზრდება იმ შემთხვევაშიც, თუ ლარი 2,8-ის ნიშნულს გადასცდა და იმ შემთხვევაშიც, თუ კურსი 2,70-2,75 და 2,8-ის კორიდორში იტრიალებს. "თუ რომელიმე პროდუქტი დღემდე არ გაძვირებულა, ე.ი. ჯერ კიდევ არსებობს მარაგები, მაგრამ მასზეც ფასი მალე მოიმატებს".
საქართველო კი უკვე წლებია იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. არ არსებობს პირველადი მოხმარების არც ერთი პროდუქტი, რომელიც თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელს აკმაყოფილებდეს. გარდა ამისა, ყოველ წელს იზრდება იმპორტი და ის ექსპორტს რამდენჯერმე აღემატება. მარტო 2018 წლის 9 თვეში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4 228.6 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3 პროცენტი შეადგინა. ამასთან, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 124.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 20.8 პროცენტით აღემატება. აქედან ექსპორტი 2 448.1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (25.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6 676.7 მლნ აშშ დოლარს (19.1 პროცენტით მეტი).
გაზრდილი იმპორტი, გაძვირებული საწვავი და გაუფასურებული ლარი კი პირდაპირპროპორციულად აისახება სამომხმარებლო ფასებზე. თანაც, იმ შემთხვევაში, როდესაც ლარის კურსმა დოლარის მიმართ კრიტიკული ზღვარი უკვე გადალახა.
ელზა წიკლაური