საქართველოში სამედიცინო მიზნით ჩამოსულ უცხოელთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა - რა მომსახურებისთვის ჩამოდიან ტურისტები

სამედიცინო მომსახურებისა და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებისთვის საქართველოს ბოლო 9 თვის განმავლობაში 19 500 უცხოელი ესტუმრა, რაც 30%- ით მეტია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, შარშან საქართველოში სამედიცინო მიზნით 14 900 უცხოელი ჩამოვიდა.

ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე „ბიზნესპრესიუსთან“ იმ ძირითად სამედიცინო მიმართულებებზე საუბრობს, რომლის მისაღებადაც უცხოელი ვიზიტორები ჩამოდიან.

მისი თქმით, განსაკუთრებით გაზრდილია ოპერაციების შემდგომი გამაჯანსაღებელი ვიზიტების რაოდენობა.

„სამედიცინო ტურიზმი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა როგორც სახელმწიფოსთვის, ისე კერძო სექტროსთვის. შესაბამისად, ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი. მაგალითად, თურქეთში და სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება კონფერენციები, ფორმუმები, სადაც ქართველი ტურ-ოპერატორები ხშირად იღებენ მონაწილობას. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიების მხრიდან ინტერესი არის, რომ ეს მიმართულება განვითარდეს. ჩვენს ქვეყანას ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს. სამედიცინო ტურიზმი არ ნიშნავს მხოლოდ დაგეგმილ ოპერაციებს, აქ იგულისხმება იგივე რეაბილიტაცია, მკურნალობა, გამაჯანსაღებელი პროცედურები და სწორედ ეს მიმართულებაა განსაკუთრებით გააქტიურებული. ჩამოდიან ისეთ კურორტებზე, როგორებიცაა ბორჯომი, საირმე, წყალტუბო და ა.შ. ასევე ძალიან პოპულარულია სტომატოლოგიური და ესთეტიკური მედიცინის მიმართულება. საკმაოდ მოთხოვნადია თმის გადანერგვის ოპერაციებიც“,-აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.

ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოს სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან სტუმრობენ. კერძოდ, ყაზახეთი, რუსეთი, უკრაინა. თუმცა როგორც ნატა კვაჭანტრაძე აცხადებს, ტურისტები ევროპის ქვეყნებიდანაც ჩამოდიან.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში სამედიცინოო ტურიზმის განვითრების ერთ-ერთი გამოწვევას ცნობადობის გაზრდა წარმოადგენს.

ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საუბრობს ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე. მისი თქმით, მომსახურების ხარისხი, განსაკუთრებით დიაგნოსტიკის მიმართუოლებით, გასაუმჯობესებელია, ხოლო სამედიცინო კურორტების ნაწილში ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელი.

„ამ მიმართულებით არსებული პრობლემები ძირითადად უკავშირდება სამედიცინო მომსახურების დაბალ ხარისხს. ჩვენი მოქალაქეებიც სწორედ ამიტომ დაადიან საზღვარგარეთ სამკურნალოდ. პრობლემაა როგორც დიაგნოსტიკა, ისე მკურნალობა. შესაბამისად, ვიზიტორები ძირითადად უფრო ჩამოდიან კოსმეტოლოგიური ან სტომატოლოგიურ მომსახურების გამო. ვფიქრობ, თუ ჩვენთან ელემენტარული სამედიცინო მომსახურების კულტურა დაინერგება, თუნდაც ფასებიდან გამომდინარე, გაცილებით მეტი ადამიანი ჩამოვა სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

„რაც შეეხება კურორტებს, ქვეყანას ამ მიმართულებით ძალიან დიდი რესურსი აქვს, რომლის გამოყენებაც შეიძლება. დღეს ფუნქციონირებს მხოლოდ ბორჯომი, წყალტუბო, საირმე, მაშინ, როცა კიდევ უამრავი ადგილია, სადაც სამკურნალო წყლები, ჰავა და კლიმატია. თუმცა იქ ინფრასტრუქტურა და მომსახურების ხარისხია გასაუმჯობესებელი“,-აცხადებს მაია სიდამონიძე.

ნინი ქეთელაური