კახეთში რქოსანი პირუტყვი უცნობი დაავადებით იხოცება

დაავადება 2-დან 4 კვირამდე გრძელდება და ხშირად ცხოველების სიკვდილს იწვევს.

კახეთში უცნობი დაავადებით პირუტყვი ეცემა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, პირუტყვი რამდენიმე დღის განმავლობაში კვებაზე უარს ამბობს, არანაირი წამალი არ შველის, შემდეგ კი ეცემა. მოსახლეობა რძის პროდუქტების მოხმარებისგან თავს იკავებს...

როგორც bpn.ge-სთან საუბრისას სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის პრესსამსახურის უფროსი, ვერიკო გულუა აღნიშნავს, ამ ეტაპზე დაავადების ზუსტი დიაგნოზი ცნობილი არ არის: ”ჩვენი სპეციალისტები ადგილზე იმყოფებოდნენ, აიღეს ნიმუშები დაავადებული ცხოველებიდან და ამჟამად ველოდებით ლაბორატორიული კვლების დასკვნას, რათა ზუსტად დადგინდეს, რა დაავადებასთან გვაქვს საქმე. დასკვნა რამდენიმე დღეში დაიდება”.

იმის გასარკვევად, რამდენად გავრცელებულია ამ ეტაპზე დაავადება და საშიშია თუ არა დაავადებულ საქონელთან შეხება, ან მისგან მიღებული ხორცი და რძის პროდუქტი, bpn.ge სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსს, გიორგი ქურდოვანიძეს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, დაავადება თავისი მიმდინარეობითა და კლინიკური ნიშნებით, სავარაუდოდ, ყვავილის ტიპის დაავადებაა. ”ამ ეტაპზე სწორედ მისი ქვეტიპის დადგენა მიმდინარეობს. ეს არის ნოდულარული დერმატიტი. თუმცა, ლაბორატორიული კვლევის შედეგად მიღებული დასკვნის დადებამდე ჩვენ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით”,- აღნიშნავს გიორგი ქურდოვანიძე.

მისივე თქმით, ეს დაავადება მოსახლეობისთვის საშიში არ არის. დაავადება არ გადადის ჰაერწვეთოვანი გზით. მისი გადამტანი მწერები არიან. ”ჩვენ ვატარებთ საჭირო ღონისძიებებს სიღნაღში, ლაგოდეხში, დედოფლისწყაროში, გურჯაანში, აზერბაიჯანის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ მწერების გავრცელება არ მოხდეს. ასევე ვამუშავებთ საქონელს საჭირო საშუალებებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების გავრცელების რისკს ”,- აღნიშნავს გიორგი ქურდოვანიძე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ამ ეტაპზე დაავადება საქონლის 2-10 %-შია გავრცელებული. დაახლოებით ასეთივე მაჩვენებელია პირუტყვის დაცემის თვალსაზრისით. მას შემდეგ, რაც  ზუსტი დიაგნოზი დადგინდება, პირუტყვს შესაბამისი ვაქცინაცია ჩაუტარდება. ვაქცინა საქართველოში არ არის, ამიტომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები საჭირო ვაქცინის საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით.

დაავადება პირველად დედოფლისწყაროში გამოვლინდა. დაავადების გაჩენის მიზეზებზე საუბრისას გიორგი ქურდოვანიძე სხვადასხვა ფაქტორზე აკეთებს აქცენტს: ” ძალიან დიდი გვალვა იყო, ფართობების გაუდაბნოება მიმდინარეობს, კლიმატი შეცვლილია და ისეთი ფლორა და ფაუნა გაჩნდა, რაც საქართველოსთვის დამახასიათებელი არ იყო. ”

რაც შეეხება საქონლის ხორცის რეალიზაციას, გიორგი ქურდოვანიძის თქმით, დაავადებული საქონლის ხორცი სარეალიზაციოდ ვერ გავა, რადგან საქონელი აუცილებლად სასაკლაოზე უნდა დაიკლას. ხორცის რეალიზაციის ყველა ობიექტი ვალდებულია არ მიიღოს საქონლის ხორცი ფორმა N 2-ის გარეშე. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ საქონელი დაკლულია სასაკლაოზე, დაკვლისწინა მდგომარეობაში შემოწმებულია   ექიმის მიერ და აკმაყოფილებს სარეალიზაციო მოთხოვნებს. მისივე თქმით, არ არის საშიში ავადმყოფი საქონლისგან მიღებული რძე და მისგან დამზადებული რძის პროდუქტები.

გიორგი ქურდოვანიძის ინფორმაციით, ლაბორატორიული დასკვნის დადების შემდეგ სურსათის ეროვნული სააგენტო უფრო დეტალურად განიხილავს იმ რისკებს, რომელიც ავადმყოფობის კერების ზონებში შეიძლება არსებობდეს და შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.

თამარ კორკოტაშვილი