შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზას" ახალი დირექტორი ჰყავს. ”მარაბდა-კარწახის რკინიგზის” დირექტორად ოლეგ ბიჭიაშვილი დაინიშნა. ორგანიზაციის პრესსამსახურის ინფორმაციით , ბიჭიაშვილი "საქართველოს რკინიგზაში" მუშაობდა. ახალი დირექტორი პოსტზე მუშაობას ორშაბათიდან შეუდგა.
ბიჭიაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე ირაკლი წულაია შეცვალა, რომელიც დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს. ირაკლი წულაიას გათავისუფლების მიზეზებზე ორგანიზაციის პრესსამსახურში ინფორმაცია არ აქვთ.
ბოლო პერიოდში ”მარაბდა-კარწახის რკინიგზის” მშენებლობის შენელების შესახებ არაერთი განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.
”ჩავედი და აღმოვაჩინე, რომ მუშებს თვეობით არ აუღიათ ხელფასები. მთავარი გვირაბი, რომელიც შარშან უნდა დაგვემთავრებინა, დღეს უკვე გვეუბნებიან, თუ წელს დაიწყო, 456 დღეში დამთავრდებაო. ეს ნიშნავს არა მომავალ, არამედ იმის მომავალ წელს. რას ნიშნავს ეს ქართული ეკონომიკისთვის?! ავღანური ტვირთები, რომელიც უნდა გამოგვეტანა მომავალ წელს ლაზიკის პორტით და ყარსი-ახალქალაქით, ამით უამრავი ბიზნესი შეიქმნებოდა," - აცხადებდა სააკაშვილი გასულ თვეში.
პრეზიდენტის კრიტიკას უპასუხოდ არ ტოვებდა ”მარაბდა-კარწახის რკინიგზის” ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი წულაია და აცხადებდა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა არათუ შეფერხებით, არამედ მაღალი ტემპებით მიმდინარეობდა.
"პრეზიდენტის განცხადება, თითქოს მარაბდა-კარწახის რკინიგზის პროექტს სერიოზული ფინანსური შეფერხებები აქვს და, თითქოს ქართულ მხარეს აზერბაიჯანულ მხარესთან აქვს გარკვეველი კითხვები, არის სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება. კითხვების ადრესატია არა ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორები, არამედ წინა მმართველობა, რომლებსაც ბრალი ედებათ მილიონობით ლარის მითვისება –გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და დარწმუნებული ვარ, დეტალები გასაჯაროვდება. სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი გამოყენებულ იქნა პოლიტიკური ქულების დასაწერად",-აცხადებდა წულაია.
რკინიგზის ხელმძღვანელობა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ პირველად 2013 წლის იანვარში შეიცვალა. როგორც წულაია აცხადებდა, არსებული სიტუაციის შესწავლის შემდეგ დაიგეგმა, რომ პროექტი სავარაუდოდ 2014 წლის დეკემბერში დასრულდებოდა. მისივე ინფორმაციით, შეთანხმება იყო მიღწეული ავღანურ ტვირთებან დაკავშირებითაც.
”ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს დაევალათ ურთიერთკოორდინაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რათა ავღანური ტვირთები მარაბდა-კარწახის რკინიგზის მეშვეობით მისაღებად მზად ვიყოთ", - აცხადებდა წულაია.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი 2008 წელს და იგი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა – ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას და ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახალქალაქიდან თურქეთის საზღვარზე მდებარე სოფელ კარწახამდე.