უნდა იღებდეს თუ არა სახელმწიფო საგარეო ვალს

რატომ გაიზარდა საქართველოს საგარეო ვალი

საბერძნეთში მიმდინარე მოვლენებმა მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ დაარწმუნა, თუ რა შეიძლება მოუტანოს ქვეყანას ვალის არასწორმა განკარგვამ. ამის გამო შეიძლება სახელმწიფო ეკონომიკური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს. ამ ფონზე ბუნებრივად ჩნდება კითხვა - რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში, ვუძღვებით თუ არა ვალს, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აქვს აღებული?

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლაშა თორდიამ, მედიასთან საუბრისას აღნიშნა, "ჩვენი სახელმწიფო ვალი 13 მილიარდ 780 მილიონ ლარს აღწევს, მასში უნდა იყოს ასახული პირობითი ვალიც, რომელიც 833 მილიონი დოლარია".

თორდიას განმარტებით, კანონით დადგენილია, რომ საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს, საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნა 50%-ია, ხოლო 2013 წელს მოქმედი მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით, ეს პროცენტული მაჩვენებელი 40%-ს შეადგენს. საგარეო ვალი კი მშპ-სთან შეფარდებით უკვე 44%-ია.

რამდენად შემაშფოთებელია ეს მონაცემები?  ამ შეკითხვით ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელმძღვანელს - რამაზ გერლიანს მივმართეთ:

-  ეს არის მთლიანი ვალი - საგარეო და შიდა ვალთან, ასევე ე.წ. პირობით ვალთან ერთად. რეალურად დღეს ჩვენ ნამდვილად არა გვაქვს ისეთი მდგომარეობა, რომ ჩვენი სახელმწიფოს ვალი შეშფოთების საგანი გახდეს, თუმცა თავის დროზე, როდესაც ამ ვალებს იღებდნენ, კარგი იქნებოდა ეს თანხები უფრო ეფექტიანად გამოეყენებინათ. მართალია, მშპ-ის მიმართ საერთო სახელმწიფო საგარეო ვალი გაიზარდა და 44%-ს მიაღწია, მაგრამ ეს ზრდა სულაც არ არის გამოწვეული ვალების აღებით. მთავარი მიზეზი, რის გამოც საგარეო ვალი გაიზარდა, ლარის კურსის ცვლილებაა. ამის დასტურად შეიძლება სტატისტიკაც მოვიშველიოთ: 2013 წელს სახელმწიფო საგარეო ვალი შეადგენდა 4 მილიარდ 220 მილიონ დოლარს, 2014 წლის დეკემბერში - 4 მილიარდ 199 მილიონს, ხოლო 2015 წლის 30 ივნისის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, საგარეო ვალი დოლარში შეადგენს 4 მილიარდ 180 მილიონს ანუ წინა წლებთან შედარებით ნაკლებს.

- მიუხედავად ამისა, ოპონენტები ვალის ზრდაზე საუბრობენ...

- ეს იმიტომ, რომ ლარის კურსის გაუფასურებამ საგარეო ვალის მოცულობა ძალიან გაგვიზარდა: 2014 წლის ბოლოს ლარში ჩვენი სახელმწიფოს საგარეო ვალი შეადგენდა 7 მილიარდ 826 მილიონს, ხოლო 30 ივნისის მდგომარეობით, 9 მილიარდ 399 მილიონ ლარს. რასაკვირველია, ამას ემატება ეროვნული ბანკის ვალი, შიდა ვალიც და საბოლოო ჯამში იმ ნიშნულს აღწევს, რაც აუდიტის სამსახურმა დაასახელა ანუ 13 მილიარდ ლარზე მეტს. შიდა ვალის მოცულობა აქ შედარებით მცირეა და შეადგენს დაახლოებით 2 მილიარდ 184 მილიონს, თუმცა საგარეო ვალი ლარის კურსის გაუფასურების გამო განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს.

- რა შეიძლება ითქვას იმაზე, რომ სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-ის მიმართ 44%-ია, ანუ უკვე გადააჭარბა კანონმდებლობიით განსაზღვრულ მაჩვენებელს?

- ეს მატებაც კურსთა შორის სხვაობამ გამოიწვია. მაშინაც, როდესაც ჩვენი საგარეო ვალი 35%-ის ფარგლებში იყო, ანუ ნორმალურ პარამეტრებში რჩებოდა, რეალურად ეს იმით იყო განპირობებული, რომ ლარის კურსი სულ სხვა იყო, თუმცა მაშინაც და ახლაც საგარეო ვალის შეფარდება ექსპორტთან სავალალო იყო და ამ მხრივ საკმაოდ რთული მდგომარეობა გვაქვს. სამწუხაროდ, ჩვენი ექსპორტის მოცულობა საგრძნობლად არის შემცირებული, მარტო მშპ-სთან შედარება არაფერს ნიშნავს. ჩვენისთანა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვალის შეფარდება ექსპორტთან - ეს მაჩვენებელი ადრეც მაღალი იყო, კურსთა შორის სხვაობამ კი სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა. თუ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა არ გაიზრდება და ხაზინაში სახსრები ამ გზით არ იქნება მობილიზებული, ვალის მომსახურება მძიმე ტვირთად დააწვება ჩვენს ბიუჯეტს და ხაზინას, თუმცა ახლაც მძიმე ტვირთად აწევს. ვალის მომსახურების პერიოდი დაიწყო 2013 წლიდან, ეს პროცესი პერმანენტულად გრძელდება და ჩვენი ბიუჯეტის თითქმის 10%-ს შეადგენს. ეს ჩვენთვის სერიოზული ფინანასური დანახარჯია.

-  სხვა პარამეტრებსაც თუ გავითვალისწინებთ, რა მდგომარეობა გვაქვს?

- სამწუხაროდ, სხვა პარამეტრების მიხედვით სახარბიელო მდგომარეობა არც ადრე გვქონია და არც ახლა გვაქვს: ხშირად მოჰყავთ იაპონიის მაგალითი, რომელსაც მოსახლეობის ერთ სულზე გაცილებით მეტი ვალი აქვს, ვიდრე ჩვენ, მაგრამ ვალის ექსპორტთან მიმართებაში იაპონიის მდგომარეობა სულ სხვაა. ამიტომ, ამ პარამეტრებითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ და არა მხოლოდ ვალის მშპ-სთან მიმართებით. მით უმეტეს, რომ მთლიანდ ქვეყნის ვალი უფრო მეტია იმიტომ, რომ ვალდებულებები აქვს აღებული ბიზნესსექტროსაც, გვაქვს ისტორიული ვალებიც და ეს ვალდებულებები ადრე თუ გვიან მაინც დაგვაწვება.

- ხშირად საზოგადოებაში გაისმის საყვედური იმის გამო, რომ უმჯობესია ვალი არ ავიღოთ.

-  ვალზე საერთოდ უარის თქმა მეტისმეტი ფუფუნებაა. ვალი უნდა ავიღოთ, ოღონდ ზომიერების ფარგლებში, მით უმეტეს, როდესაც ეს არის შეღავათიანი კრედიტი, მაგრამ ის ეკონომიკურ ეფექტზე უნდა იყოს გათვლილი და მიზნობრივად უნდა გაიხარჯოს. წინა ხელისუფლება ხშირად ვალად აღებულ თანხას ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ხარჯავდა, ამ პროექტებში კი ყოველთვის იყო რაღაც ხარვეზები და ეს თანხები იფლანგებოდა. თუ ვალს მომგებიან პროექტებში ჩადებ, რასაკვირველია, უნდა აიღო, მაგრამ ახლა დამატებითი ვალების აღებისაგან თავი უნდა შევიკავოთ, ვიდრე ეს 44% არ შემცირდება, ეს შეიძლება მოხდეს ლარის კურსის გამყარებითაც, მაგრამ ეს პარამეტრიც უმჯობესია 40%-ის ფარგლებში მოექცეს ანუ კანონმდებლობის ფარგლებში, თუმცა კიდევ ვიმეორებ - სხვა, უფრო საყურადღებო პარამეტრებიც არსებობს, მათ შორის ჩემთვის ყველაზე საყურადღებო ექსპორტია. აქვე უნდა აღინიშნოს - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის გადახდის პოტენციალი არც ისე მაღალია, ვალს წარმატებით ვემსახურებით 2013 წლიდან. სიმართლე უნდა ითქვას, საკმაოდ დიდი რაოდენობით ვალი გავისტუმრეთ, მაგრამ ეროვნულ ვალუტაში საგარეო ვალის რაოდენობა მაინც გაგვეზარდა იმიტომ, რომ ლარი 30%-ით გაუფასურდა. დოლარში თუ ვიანგარიშებთ, რამდენიმე მილიონით შემცირება აშკარაა, მაგრამ ლარში ეს არ იგრძნობა, რაც ეკონომიკური მდგომარეობის ბრალია.

- დაბოლოს, ყველამ იცის, რა მდგომარეობაში ჩავარდა საბერძნეთი ვალების გამო. მსგავსი რამ ჩვენც ხომ არ გვემუქრება?

-  ჩვენ ეს არ გვემუქრება თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ვალდებულებები საბერძნეთთან შედარებით დაახლოებით ასჯერ ნაკლებია. საბერძნეთი ამ დონემდე მცდარმა პოლიტიკამ მიიყვანა. ვალი ეფექტიანად უნდა დაიხარჯოს და მისგან ეკონომიკური უკუგება უნდა მივიღოთ, საბერძნეთი კი ძველი ვალების დასაფარად ახალ ვალს იღებდა და ამ თანხას სოციალურ პროექტებზე ხარჯავდა. ეს კარგი მაგალითია ჩვენთვის და სხვა ქვეყნებისთვისაც.

ხათუნა ჩიგოგიძე