დავით საგანელიძე: თუ არაადეკვატურად მაღალი ხელფასი მექნება, აუცილებლად შევიმცირებ

თუ არაადეკვატურად მაღალი ხელფასი მექნება, აუცილებლად შევიმცირებ, - ამის შესახებ დავით საგანელიძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელის პოსტზე სახელფასო ანაზღაურებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ზუსტი ინფორმაცია არ აქვს რამდენია "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელის გასამრჯელო.  "ნამდვილად არ ვიცი, "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელის გასამრჯელო რამდენია, მსგავსი დეტალის დასაზუსტებლად თავი არ დამიმცირებია. შესაძლოა, ჩემს მომავალ თანამშრომლებს ეს განცხადება არ მოეწონოთ, მაგრამ ვიცი, რომ "საპარტნიორო ფონდში" საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვთ, რაც არასწორია. თუ არაადეკვატურად მაღალი ხელფასი მექნება, აუცილებლად შევიმცირებ. ხელფასი და დიდი შემოსავლები რომ მდომოდა, პარლამენტში ავაწყობდი საქმეს ისე, რომ ჩემი ფინანსური მდგომარეობა გარეთაც შესამჩნევი იქნებოდა", - განაცხადა საგანელიძემ.

მისი თქმით, "საპარტნიორო ფონდში" გადასვლის სურვილი არასდროს გამოუხატავს. "სანამ პარლამენტი დეპუტატის უფლებამოსილებას არ შემიჩერებს, ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა მიკავია - საქმიანობის შესაძლებლობა პარლამენტშიც მქონდა, შესაბამისად, "საპარტნიორო ფონდში" გადასვლის სურვილი არასოდეს გამომიხატავს. მეტიც, ვფიქრობდი, რომ ბატონი კოვზანაძის მმართველობისას ფონდს რეფორმირება სჭირდებოდა - სამი წელია "საპარტნიორო ფონდის"­ ბაზაზე ფინანსურად ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტის შექმნას ვითხოვ. როგორც კი მთავრობისგან მოვისმინე, რომ ფონდის რეფორმირება დაიწყება და მის ბაზაზე სახელმწიფო განვითარების ინსტიტუტი შეიქმნება, ფონდის ხელმძღვანელობის შემოთავაზება ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა", - განაცხადა საგანელიძემ.