თბილისის მერია უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟს გეგმავს და ჯამში, ამ ღონისძიებებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 100 ათასი ლარია გათვალისწინებული. ბიუჯეტის პროექტში ნათქვამია, რომ აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს არსებული მიწის ნაკვეთების გამოთავისუფლებას თვითნებური დაკავების და სარგებლობისგან. განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ დემონტაჟს დაექვემდებარება უკანონო, უსახური და ამორტიზირებული ჯიხურები, პავილიონები, მცირე არქიტექტურული ფორმების მანქანა-დანადგარები, დახლები, სხვადასხვა კონსტრუქციები, სტელაჟები, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდები, დაფები, ფირნიშები, აბრები, აფიშები, პლაკატები და სხვა სარეკლამო ატრიბუტიკა.
ბიუჯეტის პროექტში ნათქვამია, რომ უკანონო შენობა-ნაგებობების არსებობა ამახინჯებს დედაქალაქის იერ-სახეს და ზღუდავს საზოგადოებრივი სარგებლობის სივრცეებით სარგებლობას.