2016 წლის ფინანსური რჩევები - როგორ დავზოგოთ ფული?

ახალი წლის დასაწყისი საუკეთესო პერიოდია ფინანსური გეგმების შესადგენად. „ბიზნეს ინსაიდერი“ 2016 წლის ფინანსურ რჩევებზე წერს. გამოცემის ცნობით, წელს ფულის დაგროვების დროს შემდეგი პუნქტები უნდა გავითვალისწინოთ:

1. მივყვეთ მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ფინანსურ გეგმას. „დაწერილი ფინანსური გეგმის გარეშე, მიმართულება არ გვექნება იმისა, თუ რა თანხა უნდა დავზოგოთ. თუმცა, თუ შედგენილი გაქვთ თვიური ბიუჯეტის სტრუქტურა, მაშინ გეცოდინებათ, რა შეგიძლიათ და რა არა“, - ამბობს ფინანსური მრჩეველი მარკ ეველონი. დაგეგმეთ, თუ რამდენი თანხა და რა პერიოდულობით უნდა გადადოთ და დაიწყეთ დაზოგვა.

2. არ შეიძინოთ ის, რისი ყიდვაც არ შეგიძლიათ. „თქვენ უნდა აკონტროლოთ თქვენი ხარჯები და შეზღუდოთ სასურველი ნივთების ყიდვა. მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა ადამიანებს უკეთესი ცხოვრების პირობების გამო რაღაც აქვთ, არ ნიშნავს, რომ თქვენც შეგიძლიათ მისი ყიდვა“, - ამბობს ეველონი. მისივე თქმით, ის რომ თქვენ მეტს გამოიმუშავებთ, არ ნიშნავს რომ მეტი უნდა დახარჯოთ.

3. გამოიყენეთ სამსახურის მიერ შემოთავაზებული სარგებელი. თუ თქვენ არ იყენებთ დამსაქმებლისგან დამატებით სარგებელს, მაგალითად, ჯანმრთელობის დაზღვევას, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ფულს ფლანგავთ.

4. ჯარიმების გადახდა. იმისათვის, რომ ფული დაზოგოთ, თავიდან უნდა აირიდოთ, გადასახადების დაგვიანების ჯარიმები, „ბანკომატიდან“ თანხის გატანის საკომოსიოს გადახდა და ა.შ.

5. თქვენი სიმდიდრე არ არის ის, თუ რამდენი თანხა გამოიმუშავეთ დღის განმავლობაში, თქვენი სიმდიდრე არის ის, თუ რამდენი დაზოგეთ. არ არის აუცილებელი იყოთ მდიდარი იმისათვის, რომ ინვესტიცია განახორციელოთ, ამისათვის საჭიროა, უბრალოდ გამჭრიახობა და ნაკლები ხარჯვა.

6. შავი დღისთვის ფულის გადანახვა. ყველას აქვს გაუთვალისწინებელი ხარჯი, მაგალითად, საქორწინო საჩუქრისთვის ან სახლში სასწრაფოდ დასაბრუნებლად თვითმფრინავის ბილეთისთვის საჭირო თანხა. მსგავსი შემთხვევებისთვის ფული წინასწარ უნდა გქონდეთ გადადებული.

7. აუცილებელია თქვენს პარტნიორთან ერთად ფინანსური პასუხისმგებლობების გადანაწილება. თუ ერთად ცხოვრობთ, გაარკვიეთ, ვინ რა გადასახადს გადაიხდის.

8. არ თქვათ უარი ცოტათი მეტი გადაიხადოთ ხარისხში. ყველას აქვს ის მომენტი, როდესაც ცდილობს იყიდოს იაფი და დაბალხარისხიანი ნივთი და გადაიხადოს ნაკლები. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში იაფი პროდუქცია უფრო ძვირი დაგიჯდებათ.

9. ზედმეტი ოპტიმიზმი. ოპტიმიზმი კარგია, მაგრამ ზედმეტი - საშიში. ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ მომავალში უფრო მეტის გამომუშავებას შეძლებენ. „ფულის დაზოგვა პირველ რიგში თქვენი მენტალიტეტიდან უნდა გამომდინარეობდეს. ჯერ დაზოგეთ თქვენი პენსიისთვის და მერე რაც დარჩება, ის დახარჯეთ დღეს. თუმცა, ადამიანები საპირისპიროდ იქცევიან. ისინი ფიქრობენ, რომ დღეს საყიდელი აქვთ გარკვეული ნივთები და რა თანხაც ყიდვის შემდეგ დარჩებათ, იმას შეინახავენ. ჯერ თქვენი მომავლისთვის დახარჯეთ და შემდეგ აწმყოსთვის“, - გვირჩევს ფინანსური მრჩეველი მაიკლ ეგანი.