თემურ მაისურაძე: სახელმწიფომ ერთი გადაწყვეტილებით ადამიანის ჯიბეში ჩაყო ხელი

სახელმწიფომ მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის მოსალოდნელი აკრძალვით მოქალაქის ჯიბეში ჩაყო ხელი, რაც აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა. ამის შესახებ ”რადიო პალიტრის” გადაცემა ”საქმეში” საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილემ თემურ მაისურაძემ განაცხადა.

”გამოდის, რომ სახელმწიფომ ერთი გადაწყვეტილებით ადამიანის ჯიბეში ჩაყო ხელი. აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა. იმისთვის, რომ ადამიანებს არ გაუიაფდეთ თავისი ქონება, ამავე დროს, იქნეს მიღწეული მიზანი, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანები დროთა განმავლობაში ქვეყანაში შემცირდეს და მარცხენასაჭიან ქვეყანაში მარჯვენასაჭიანებზე არ აღმოვჩნდეთ იმიტომ, რომ ეს მანქანები უფრო იაფია, ყველაზე სწორი გამოსავალია, ის ხიბლი, რის გამოც ადამიანები მარჯვენასაჭიან მანქანას იძენენ, ანუ სიიაფე, დავუკარგოთ. ამ სისტემამ საბაჟოზე უნდა გადაინაცვლოს. თუ ორი ათასით არის მანქანა იაფი, ორი ათასი უნდა დაემატოს საბაჟოზე. რალურად გამოვა რომ, მარჯვენასაჭიანი მაქანის ჩამოყვანას აზრი ეკარგება, აქ მყოფ მარჯვენასაჭიანი მანქანების მფლობელებს კი ქონება არ უიაფდებათ”, - განაცხადა თემურ მაისურაძემ.

მისივე თქმით, მართვის მოწმობასთან დაკავშირებული 100-ქულიანი სისტემა დისკრიმინაციულია: ”თუ, მაგალითად, ინჟინერს რაღაცა შეეშლება სამჯერ, ის ტექნიკურ უნივერსიტეტში არ წავა და ხელმეორედ გამოცდებს არ ჩააბარებს. თუ მედიკოსს ეშლება, ისიც არ მიდის. მძღოლს თუ ეშლება რაღაცა, უფრო სწორად, თუ დაარღვია, ამისთვის არსებობს ჯარიმა, მაგრამ ის, რომ ყოველთვის გამოცდების ჩასაბარებლად ვარბენინოთ, ეს კონკრეტული სპეციალობის ადამიანების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომაა. ვფიქრობ, რომ ეს არასწორია”, - აღნიშნა თემურ მაისურაძემ რადიო „პალიტრის“ გადაცემა „საქმეში“.