„როკფელერის ფონდი“ მსოფლიოში გადაყრილი საკვების შემცირებაზე მუშაობს

„როკფელერის ფონდი“ მსოფლიოში გადაყრილი საკვების რაოდენობის შემცირების მიზნით, ახალი ინიციატივით გამოდის.დედამიწაზე ნაწარმოები და მოყვანილი საკვები პროდუქტების მესამედზე მეტი იყრება. აფრიკაში დათესილი მარცვლეულის უდიდესი ნაწილი კი წუნდებულია. კენიაში, ნიგერიასა და ტანზანიაში ნახევარზე მეტი მოსავალი იკარგება. ამის მიზეზი კი მოსავლის აღების, შენახვისა და გადამუშავების არასწორი პროცესია.

„როკფელერის ფონდის“ პროექტის მიზანს, რომელიც შვიდ წელზეა გათვლილი, აღებული მოსავლის აქტიურად გამოყენება წარმოადგენს. 130 მილიონ დოლარიანი პროექტის ფარგლებში რესურსები სუბსაჰარული აფრიკის რეგიონს მოხმარდება.

ფონდის ინიციატიავს უკვე შეუერთდა „კოკა-კოლა“ და ინდუსტრიული კონგლომერატი Dangote Group, რომლებიც მცირე ფერმერებს აფრიკის რეგიონში მოყვანილი მოსავლის ბაზარზე გატანაში დაეხმარება. კენიაში მანგოს პლანტაციებში, ტანზანიაში სიმინდის, ხოლო ნიგერიაში პომიდვრის მეურნეობებში უკვე დაიწყო ტრენინგები, რომლის მიზანსაც ფერმერებისთვის მოსავლის შენახვისა და გაყიდვის ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს.

„საკვების ის რაოდენობა, რომელიც იკარგება ან ნაგავში მიდის და ვერასდროს აღწევს სასადილო მაგიდას, დაუშვებელია. ეს დამანგრეველ გავლენას ახდენს მოსახლეობაზე, სარგებელსა და მთლიანად პლანეტაზე“, - განაცხადა „როკფელერის ფონდის“ პრეზიდენტმა, ჯუდით როდინმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მსოფლიოში საკმარისი საკვები იწარმოება იმისათვის, რომ 1,2 მილიარდი მშიერი ადამიანი გამოიკვებოს. თუმცა, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, დედამიწაზე ნაწარმოები საკვების მესამედი ფუჭდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის ღირებულების საკვები იყრება. „როკფელერის ფონდის“ ინიციატივის ფარგლებში კი 2030 წლისთვის გადაყრილი საკვების რაოდენობის განახევრება უნდა მოხდა.

მსგავსი ინიციატივით გასულ წელს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც გამოვიდა. საფრანგეთში კი კანონმდებლებმა დიდ სუპერმარკეტებს აუკრძალეს იმ საკვების გადაყრა, რომელიც არ გაიყიდა, თუმცა საჭმელად ვარგისია.