სავალუტო კრიზისის გამო ბიზნესი აქტივობას წყვეტს

არაპროგნოზირებადმა ეკონომიკურმა გარემომ და მოკლე პერიოდში რამდენიმე პუნქტით ერთბაშად გაუფასურებულმა ეროვნულმა ვალუტამ ადგილობრივ ბიზნესს გარკვეული ბარიერები შეუქმნა. მათი ნაწილი არათუ გაფართოებას და განვითარებას, არსებულის შენარჩუნებასაც ძნელად ახერხებს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, იმ შემთხვევაში, თუ ლარი სტაბილურობას არ დაიბრუნებს, ქართულ ბიზნესს კიდევ უფრო გაუჭირდება და, შესაძლოა, შარშანდელის მსგავსად სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტები ერთიმეორის მიყოლებით დაიხუროს.

იანვარში ეროვნული ვალუტა 4,24%-ით გაუფასურდა. წლის დასაწყისში ერთი დოლარი 2,38 ლარი ღირდა, დღეს კი მისი კურსი უკვე 2,49 ლარს აჭარბებს. ეროვნული ვალუტის ასეთი სწრაფად დაცემა, ცხადია, ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება.

სავალუტო რყევისა და არასტაბილურობის განცდის პირობებში ბიზნესი გეგმებს ცვლის. ისინი ხშირ შემთხვევაში გაფართოებაზე უარს ამბობენ. მაგალითად, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების მაღაზიათა ქსელმა "სუპერი" ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ფილიალი ქავთარაძის "აიჯი მოლში" გადაიტანა (აღნიშნულ ტერიტორიაზე "გუდვილი" მდებარეობს). როგორც კომპანიაში "კომერსანტს" განუცხადეს, ბოლო პერიოდის განმავლობაში კომპანიამ ორი ფილიალი - ერთი ვაჟა-ფშაველაზე, მეორე კი გლდანის "სქაი პლაზაში" დახურა, თუმცა სანაცვლოდ ფილიალები "გლდანი მოლსა" და "აიჯი მოლში" გახსნა. ამ ეტაპზე "სუპერს" თბილისში 16 ფილიალი აქვს. ქვეყანაში არსებული არაპროგნოზირებადი ეკონომიკური მდგომარეობის გამო დღეისათვის ახალი ფილიალის გახსნა არ იგეგმება.

ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანია "იბერმითს" კი, რომელიც ბაზარზე 2016 წლის თებერვალში დაბრუნდა, საქმიანობა ისევ შეჩერებული აქვს. როგორც საწარმოს ტექნიკური დირექტორი აცხადებს, კომპანიას ექსპორტი არ დაუწყია. დოლარის კურსი მერყევია, ამიტომ ამ ეტაპზე გაჩერებული არიან. ირაკლი ადეიშვილის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ირანში ექსპორტის დასაწყებად, თუმცა იქ ფასი დაბალია, ამიტომ უცნობია, როგორ გადაწყდება საკითხი.

სპეციალისტები ადასტურებენ, რომ ლარის რყევის მოლოდინი ბიზნესს აიძულებს უფრო თავშეკავებული იყოს. ეკონომისტი ვაჟა კაპანაძე ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის ასეთი რყევა ადგილობრივ ბიზნესს კუმშავს, შესაბამისად, კომპანიები ორიენტირებულნი არიან იმის შენარჩუნებაზე, რაც აქვთ და გაფართოებაზე უარს ამბობენ.

"კურსის ასეთი ცვლილება კომპანიების მხრიდან საქმიანობის შეზღუდვას იწვევს. ახლა გაფართოება კი არა, არსებული მდგომარეობის შენარჩუნებაც ძალიან ჭირს. მაგალითად, თუ კომპანიას 1000 დოლარის კრედიტი ჰქონდა და ამაში უნდა გადაეხადა 1700 ლარი, ახლა გადასახდელი აქვს 2500 ლარი, ანუ სხვაობა შეადგენს 800 ლარს.

ახლა ავიღოთ მოკლევადიანი კრედიტების მოცულობა, რომელიც შარშან ერთი მლრდ დოლარი იყო. კურსთა ცვალებადობის გამო ბიზნესს მოუწია 700 მლნ ლარის მობილიზება, რომ კრედიტი დაეფარა. საუბარი არ არის გაფართოებაზე, ინვესტირებაზე ან განვითარებაზე. 700 მლნ ლარი არის მიმოქცევიდან ამოღებული ფული, რომელიც მთლიანად ბანკებმა წაიღეს. ეროვნულმა ბანკმა სასწორის პინა კომერციული ბანკების სასარგებლოდ გადაწია და არა ბიზნესის. ფულის მასა რომ შემცირებულიყო, კურსი დარჩებოდა გარკვეულწილად უცვლელი, მაგრამ ეს სებ-მა არ გააკეთა.

აქედან გამომდინარე, ბიზნესმა, რომელსაც გასასტუმრებელი ვალდებულების მოცულობა მნიშვნელოვნად გაეზარდა, ძალიან რთულია განვითარებაზე "იზრუნოს", - განუცხადა "რეზონანსს" ვაჟა კაპანაძემ.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, ავთანდილ სილაგაძის თქმით, ლარის კურსის ბოლოდროინდელი ცვალებადობა, რა თქმა უნდა, არასახარბიელო მოვლენაა და ის ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს:

"ჯერჯერობით ეს არ არის საგანგაშო, მაგრამ თუ კურსი კიდევ 10-15 პუნქტით გაიზარდა, მაშინ ეს იქნება უმძიმესი დარტყმა ეკონომიკისთვის. საერთოდ, მოკლე პერიოდში ასეთი მკვეთრი დაცემა გაურკვეველ მდგომარეობაში აყენებს ბიზნესს და მან აღარ იცის, რა გააკეთოს, რა ნაბიჯი გადადგას. ასეთ სიტუაციაში ის აქტივობას წყვეტს. მე მაინც მგონია, რომ ჯერ ასე არ მოხდება. ვფიქრობ, კურსი მეტ-ნაკლებად დასტაბილურდება", - განაცხადა სილაგაძემ.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"