საპენსიო ასაკს მიღწევა აღარ იქნება დასაქმებულის გათავისუფლების საფუძველი

საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილების შესაბამისად, 2017 წლის პირველი იანვრიდან ასაკი აღარ იქნება იმის საფუძველი, რომ დასაქმებული სამსახურიდან გათავისუფლდეს.

აღნიშნული ინიციატივა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს ეკუთვნის.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება საპენსიო ასაკის გამო, ასაკობრივი დისკრიმინაციაა, რის გამოც კანონში ცვლილება აუცილებლობას წარმოადგენდა.

"პარლამენტმა უკვე მიიღო საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, რომელიც 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ჟურნალისტების და საზოგადოების მხრიდან ინიციატივის ინტერპრეტაცია იყო ორაზროვანი, თითქოს ასაკობრივი ზედა ზღვარი წესდებოდა. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ საპენსიო ასაკს მიღწევა არ იქნება დასაქმებულის გათავისუფლების საფუძველი", - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ 2016 წლის 20 აგვისტომდე საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ითვალისწინებდა ასაკის გამო პირის სამსახურიდან გაშვებას. მთავრობამ აღნიშნული ნორმა შეაჩერა, მაგრამ ახალ კანონში, რომელიც 2017 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, ეს ჩანაწერი ისევ გაჩნდა.

,,ჩემი პოზიცია იყო, რომ ეს ნორმა ასაკობრივი დისკრიმინაციაა, მთავრობამ შენიშვნა გაითვალისწინა და შესაბამისი ცვლილებაც მივიღეთ", - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია ინიციატივას მიესალმება. მისი თქმით, ასაკის მიხედვით ადამიანის დისკიმინაცია გამორიცხული უნდა იყოს შრომით ურთიერთობებში. ალექსანდრია აცხადებს, რომ ამ ტიპის დისკრიმინაციის შემთხვევები დღესაც გრძელდება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, თუმცა ამის შესახებ გაცხადებულად არავინ საუბრობს და არც გათავისუფლების ბრძანებაში არავინ წერს.

გოჩა ალექსანდრია ერთ-ერთ მაგალითად ასახელებს გორის წისქვილკომბინატ ,,კარმენს," საიდანაც მისი თქმით, 7 ადამიანი სწორედ იმ მოტივით გაათავისუფლეს, რომ საპენსიო ასაკს მიახლოებულები არიან.

"ზეპირსიტყვიერად პირდაპირ უთხრეს - ასაკში ხართ და რამდენ ხანს უნდა იმუშაოთო. ბრძანებაში კი ჩაწერეს, რომ უშვებენ რეორგანიზაციისა და შრომის კონტრაქტის ვადის ამოწურვის გამო. თუმცა ყველამ ვიცით, რომ რეალურ მიზეზს საპენსიო ასაკს მიღწევა წარმოადგენდა", - აცხადებს გოჩა ალექსანდრია.

მისი თქმით, ამ ინიციატივას ჰყავდა გარკვეული მოწინააღმდეგეები, რომელთა ძირითადი არგუმენტი იყო ის, რომ მაგალითად 70 წლის ადამიანი ვერ შეძლებს დაკისრებული ფუნქციების შესრულებას.

"ადამიანის გათავისუფლება არც ერთ ქვეყანაში არ არის დაშვებული ასაკის გამო", - აცხადებს ალექსანდრია.

პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ გათავისუფლების მიზეზი შეიძლება იყოს მხოლოდ არასაკმარისი კვალიფიკაცია.

,,თუ ვერ მუშაობს ნაყოფიერად, ავიწყდება რაღაცეები, ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება მის დისციპლინაზე, ან მისი შრომის კვალიფიკაციაზე, რაც შესაძლოა გახდეს მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. ეს შრომის კოდექსშიც წერია და საჯარო სამსახურის შესახებ კანონშიც. ხომ ვერავინ დაამტკიცებს იმას, რომ მაინცდამაინც 70 წელს გადაცილებული ადამიანი ხდება გულმავიწყი, ან დაგვიანებებს იწყებს?! აგვიანებს ახალგაზრდაც და ხანდაზმულიც. ასაკი არაფერ შუაშია", -აცხადებს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე.

გოჩა ალექსანდრიას თქმით, დასაქმებულს 2017 წლიდან უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიმართოს შრომის ინსპექციას.

,,ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ შრომით ინსპექტორებს მიეცეთ სანქციის გაცემის საშუალება, დაჯარიმების უფლება შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევებში. ამისთვის სერიოზული ბრძოლა გვაქვს ხელისუფლებასთან. ბიზნესი ლობირებს, რომ შრომის ინსპექტორები ან არ არსებობდნენ, ან არ ჰქონდეთ სანქციების დაწესების შესაძლებლობა", - აღნიშნავს გოჩა ალექსანდრია.

დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ კორძახია კი აცხადებს, რომ ქართული კანონმდებლობით პრობლემა ასაკის გამო გათავისუფლებასთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ საჯარო სექტორშია.

,,ჩვენს შემთხვევაში, კერძო კომპანიებთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ გვქონია და არც გვექნება, რადგან სამართლებრივად საპენსიო ასაკის გამო გათავისუფლების მითითებას კანონი არ ითვალისწინებს. ეს შეზღუდვა იყო საჯარო სამსახურში", - აცხადებს კორძახია. მისი თქმით, შესაძლოა ერთეული შემთხვევები დაფიქსირებულა, მაგრამ ბიზნესი განვითარებაზეა ორიენტირებული და მისთვის მნიშვნელოვანი კვალიფიკაციაა და არა - ასაკი.

ქრისტინე გამთენაძე