ხალხი ბანკების მადის დაოკებას ითხოვს!

ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების ნაწილს კომერციული ბანკები მომხმარებლებს დოლარის კურსის შესაბამისად ახდევინებენ, რაც გაუფასურებული ლარის ფონზე მოქალაქეებს მძიმე ტვირთად აწვება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მსესხებელი ვალის გასტუმრებას ვერ აუდის და ღატაკდება. ამ დროს კი საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ შარშან რეკორდულ მაჩვენებელს, ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა.

მსესხებლები ლარში აღებული სესხის დაბრუნებას იმ კურსის შესაბამისად ითხოვენ, როდესაც მათ საბანკო სფეროს მიმართ ვალდებულება პირველად წარმოეშვათ. სოციალურ ქსელში ამის დამადასტურებლად სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლიც გამოაქვეყნეს, სადაც კურსთა ცვლილების შემთხვევაში კრედიტის გასტუმრების წესია განმარტებული.

სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლში წერია: "თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს". თუმცა ეს არის კოდექსის ის ბუნდოვანი მუხლი, რომელიც სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და რომელიც იურისტ-ეკონომისტებში დღემდე დავის საგნად რჩება. "ვალდებულების წარმოშობის" თარიღად ზოგი სესხის აღების დღეს ასახელებს, ზოგს კი მიაჩნია, რომ ეს კრედიტის გადახდის ყოველთვიურ გრაფიკში მითითებული დღეა.

ადგილობრივი თვითმართველობის სპეციალისტი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ ამ მუხლის თანახმად, "ბანკები, რომელიც უცხოურ ვალუტას გაასესხებს, თავად იღებს პასუხისმგებლობას კურსის ცვლილების გამო გამოწვეულ ყველა რისკზე, ხოლო მოვალე დარჩენილ ვალს იხდის იმ კურსით, რაც გასესხების დროს არსებობდა!"

არგუმენტი, რომ დოლარის გასესხების შემთხვევაში დოლარი უნდა დაბრუნდეს, მხედველობაში არ მიიღება, რადგან "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონის თანახმად გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება არის ლარი: "ე. ი. მნიშვნელობა არა აქვს, ლარი მაქვს ნასესხები თუ დოლარი, რადგან ვალი ლარით უნდა გადავიხადო!

ესეც რომ არა, სკ-ის 389-ე მუხლის თანახმად, დოლარი რომც მქონდეს დასაბრუნებელი, ბანკი ვალდებულია, დოლარზე ლარის კონვერტაცია იმ კურსით აწარმოოს, რაც დოლარის გასესხებისას არსებობდა. სამართალი უხეშად ირღვევა, როცა ბანკებს დოლარში (ან სხვა უცხოურ ვალუტაში) ვალი მიაქვთ არა იმ კურსით, რითაც გაასესხეს, არამედ ვალის გადახდის დროს გაზრდილი კურსით. მნიშნველობა არა აქვს, რა წერია სასესხო ხელშეკრულებაში, რადგან ყველა გარიგება, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება, ბათილია", - მიაჩნია დავით ზარდიაშვილს.

საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა ამბობს, რომ ის მსესხებელი, რომელმაც ვალი ლარში აიღო, ყოველთვიურ გადასახადს დოლარის კურსის მიხედვით არ უნდა იხდიდეს. ეს არის პრობლემა და აუცილებელია, რომ სახელმწიფომ და ეროვნულმა ბანკმა საკითხი მოაგვარონ.

"მსესხებელი არ არის საქმის კურსში, რომ ასეთი არასამართლიანი, სამართლებრივად გაუმართავავი ხელშეკრულების გამო, ის კარგავს თავის საკუთარ სახსრებს და გამსესხებელს ზედმეტ თანხას უხდის. გარდა ამისა, თვითონ გამსესხებლები თუ არ არიან საქმის კურსში, რომ სამოქალაქო კოდექსში ასეთი მუხლი არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ იმის ბრალია, რომ ასეთი ტიპის გამსესხებლები არ არიან სახელმწიფო რეგულირების ქვეშ და პრაქტიკულად, მათი საქმიანობა უკონტროლოა. ძირითადად ამ პრობლემებს მსესხებლები მიკროსაფინანსოებთან ურთიერთობისას აწყდებიან.

სამოქალაქო კოდექსით არის გათვალისწინებული მუხლი, რომლის მიხედვითაც მსესხებელს შეუძლია დაიბრუნოს ვლადებულების გარეშე გადახდილი თანხა. იურიდიული დახმარების შემთხვევაში, ყველა მსესხებელს, ვინც ზედმეტი გადაიხადა, შეუძლია თავისი თანხა უკან დაიბრუნოს", - განაცხადა ელიავამ და დასძინა, რომ აღნიშნული პრობლემების მოგვარება მსესხებლებმა კი არ უნდა დაიწყონ, ამაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ და ეროვნულმა ბანკმა უნდა აიღონ.

იურისტი ლევან ალაფიშვილის თქმით კი, სესხის გაცემა სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ყველა ვალუტაშია შესაძლებელი, ანგარიშსწორება კი მხოლოდ ლარში. სამოქალაქო კოდექსში აღნიშნულია, რომ "სასესხო-სადეპოზიტო ურთიერთობებს არ სდევს ანგარიშსწორება, შესაბამისად, შესაძლებელია გამოყენებული იყოს ნებისმიერი ვალუტა. მაგალითად, სესხად შეგვიძლია გავცეთ თანხა ბრუნეის დოლარში, ხორვატულ კუნაში თუ ამერიკულ დოლარში. ქვეყნის შიგნით პოდუქტისა და მომსახურების ყიდვისას, რომელსაც თან სდევს ანგარიშსწორება, ანგარიშსწორებისთვის გამოიყენება მხოლოდ ლარი", - ამბობს ალაფიშვილი.

რაც შეეხება იმავე კოდექსის 389-ე მუხლს, გამოყენება მხოლოდ 3 შემთხვევაშია შესაძლებელი: ა) ჰიპერინფლაცია, ბ) დეომინაცია (100 ლარი შეიცვალა/გახდა 10 ლარი) და გ) ვალუტის - ფულადი ერთეულის შეცვლა. ამასთანავე, ეს შეეხება არა მხოლოდ ლარს, არამედ ყველა იმ ვალუტას, რომელიც მხარეებმა განსაზღვრეს ხელშეკრულებით, იქნება ლარი, დოლარი თუ სხვა. ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხნის სასამართლოს პრაქტიკა არსებობს.

"უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა თვლის, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების დროს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს დენომინაციას, ასევე ვალუტის შეცვლას და ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაციას. მაგალითად, დენომინაცია განიცადა საბჭოთა კავშირის დროს მანათმა, როცა 10 მანეთის ნომინალი შეიცვალა 1 მანეთის ნომინალით; ვალუტაში შეცვლას ადგილი ჰქონდა მაშინ, როდესაც რუსული რუბლი შეიცვალა კუპონით, ხოლო კუპონი - ლარით.

რაც შეეხება ჰიპერინფლაციას, აღნიშნული თავისთავად ნიშნავს საქონლის ფასებისა და მიმოქცევაში არსებული ფულის მასის უაღრესად სწრაფ ზრდას, რომელიც იწვევს ფულადი ერთეულის მკვეთრ გაუარესებას, საგადამხდელო ბალანსის მოშლას და ნორმალური სამეურნეო კავშირების დარღვევას. ამ დროს მიმოქცევის სფეროში სახელმწიფო უშვებს დიდი რაოდენობის ფულს, რომელიც რეალურ საქონელბრუნვის საჭიროებას აღემატება, რასაც მოსდევს ფულის კურსის მკვეთრი გაუარესება, ოქროს საბაზრო ფასების გაზრდა", - ამბობს ალაფიშვილი.

"ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტი მარიკა არევაძე კი კოდექსში არსებული ჩანაწერის - "ვალდებულების წარმოშობის" - თარიღად კონკრეტული თვის კონკრეტულ რიცხვს ასახელებს, როდესაც მსესხებელს სესხის ნაწილის გადახდა უწევს.

"პირველ რიგში, სესხის გადახდა დოლარში გამოტანილი სესხის გადახდის დღეს არსებული კურსით ხდება, გამომდინარე იქიდან, რომ დოლარი უნდა შეისყიდონ და ვალდებულების შესასრულებლად შეიტანონ დოლარი. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ადგება და საკრედიტო დაწესებულებაში ვალს შეიტანს ძველი კურსით, ანუ შეიტანს იმდენ ლარს, რაც ძველი კურსით სჭირდებოდა, ეს გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული. ეს შეიძლება ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად ჩაითვალოს და ამ თანხაზე რაც დააკლდება მსესხებელს, დაეკისროს ჯარიმები.

რაც შეეხება კონკრეტულად სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლს, ეს მოქმედია და იურიდიული ძალის მქონეა. ამ მუხლში წერია, რომ თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვლადებულების წარმოშობის დროს. ეს იმას ნიშნავს, კონკრეტულ თვეს, მაგალითად 29 იანვარს მსესხებელი სესხს იხდის იმ კურსის მიხედვით, რა კურსითაც იმ დღესაა დადგენილი", - განუცხადა "რეზონანსს" არევაძემ.

ეკონომისტი და საბანკოს სფეროს სპეციალისტი ვაჟა კაპანაძე იურისტების ინტერპრეტაციას ეკონომიკური აზროვნებისგან "შორს მყოფს" უწოდებს. მისი აზრით, თუ მსესხებელმა სესხი იმ კურსის მიხედვით გაიდახადა, როდესაც სესხი პირველად აიღო, მაშინ ეს საბანკო სექტორს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

"ისეთი მიდგომა, რომ მსესხებელმა სესხი კონკრეტულ თვეში ვალდებულების პირველად წარმოშობის დროს არსებული კურსით დაფაროს, არ მსმენია. წარმოუდგენელია, რომ 2,48 კურსის შემთხვევაში, მსესხებელმა ვალი 1,74-ის კურსით გადაიხადოს. ეს ხომ საბანკო სექტორს მთლიანად დაანგრევს. რაც შეეხება ლარში აღებულ სესხს, ის, რა თქმა უნდა, ლარში უნდა დაბრუნდეს, მაგრამ აქ არის მეორე მომენტი, კომერციულ ბანკებს თანხები მოზიდული აქვთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, აქ ახდენენ კონვერტაციას და გაცემენ სესხს ლარში. ახლა ბანკებმა რომ ლარში გაცემული კრედიტი ძველი კურსით დაუბრუნონ მომხმარებლებს, აქაც იზარალებენ", - განაცხადა ვაჟა კაპანაძემ.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"