შვეიცარია მალაიზიას დაკარგული 4 მილიარდის პოვნაში დახმარებას სთხოვს

შვეიცარია მალაიზიას დაკარგული 4 მილიარდი დოლარის პოვნაში დახმარებას სთხოვს. როგორც შვეიცარიის გენერალური პროკურორი აცხადებს, მალაიზიურ სახელმწიფო ფონდ 1MDB-დან დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი გაქრა. მისი ვარაუდით, აღნიშნული თანხა მალაიზიის მაღალჩინოსნების შვეიცარიულ ანგარიშებზე გადაირიცხა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შვეიცარიის პროკურატურამ გასულ წელს დაიწყო. საქმის ძიებისას გაჩნდა ეჭვი, რომ ფონდის თანხა არამიზნობრივად მაღალჩინოსნების მიერ დაიხარჯა.

მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიბ რაზაკმა ამ დრომდე არაერთხელ უარყო მომხდართან დაკავშირებით ბრალდებები და განაცხადა, რომ მას თავის ანგარიშზე ფონდიდან თანხა არ გადაურიცხავს. ამასთან, გასულ კვირას მალაიზიის გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ პრემიერი ეჭვმიტანილთა სიაში აღარ არის. მისივე თქმით, იგი მზადაა დაეხმაროს შვეიცარიელ კოლეგებს მომხდარის გამოძიებაში.

აღსანიშნავია, რომ მალაიზიური ფონდი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა 2009 წელს შექმნა და მის მიზანს ახალი ეკონომიკური და სოციალური პროექტების დაფინანსება წარმოადგენს.