3 წელიწადში სახლი 7500 ოჯახს გაუყიდეს

კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა თუ კერძო მევახშეების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების რაოდენობამ 4 წლის განმავლობაში რამდენიმე ათასს გადააჭარბა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, 2011-14 წლებში საცხოვრებელი სახლი 7470-მა ოჯახმა დაკარგა და კიდევ ბევრს საფრთხე ჯერაც ემუქრება. უფრო მეტია იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც ვალის გამო სხვადასხვა ტიპის ქონების იძულებით გასხვისება მოუწია. დღესდღეობით მოვალეთა რაოდენობა 146 ათასს აჭარბებს.

საქართველოში ქონებადაკარგულთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. მართალია, ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა უძრავი თუ მოძრავი ქონება, არ არსებობს, თუმცა მოვალეთა რეესტრში არსებული ჩანაწერების რაოდენობა, რომელიც მუდმივად მზარდია, იმაზე მიუთითებს, რომ ქონების დაკარგვის საფრთხე დღესაც ბევრ ადამიანს ემუქრება.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე პრობლემურ სესხებთან დაკავშირებით ამჟამად სულ 146 266 ჩანაწერია. არსებული მონაცემებით, მესაკუთრეები აღსრულებაზე გადაცემული ქონების მხოლოდ 20-25%-ის შენარჩუნებას ახერხებენ. ამის შესახებ "ბიზნეს-რეზონანსს" სწორედ აღსრულების საკითხზე მომუშავე ერთ-ერთმა ორგანიზაციამ აცნობა. მათივე ინფორმაციით, 100-დან მხოლოდ 20-30 ადამიანი თუ ახერხებს დროებით მაინც დაიხსნას ქონება აღმასრულებლებისგან. შესაბამისად, 146 ათასი პრობლემური ფიზიკური თუ იურიდიული პირისგან აბსოლუტურ უმრავლესობას უკვე დაკარგული აქვს საკუთრება, ეს იქნება უძრავი თუ სხვადასხვა სახის ქონება.

რაც შეეხება იძულებით აუქციონის წესით რეალიზებულ ბინებს და მიწებს. 2014 წელს იძულებით გაყიდული უძრავი ქონების რაოდენობამ 1721 ერთეული შეადგინა. 2013-ში კი ქონება 1946 ადამიანმა დაკარგა, 2012-ში - 1953-მა, 2011 წელს კი - 1850 ოჯახს ჩამოერთვა უძრავი ქონება იძულებით აუქციონის წესით. სულ 2011-14 წლებში უძრავი ქონება 7470-მა ოჯახმა დაკარგა.

დასაკუთრებული უძრავი ქონების კვლევა "საზოგადოება და ბანკებმა" ჩაატარა. აუქციონის წესით იძულებით გაყიდული უძრავი ქონების ოდენობა 2011-12 წლებში იზრდებოდა, ხოლო 2013 წლიდან კი თანდათან კლება დაიწყო.

ამავე კვლევის მიხედვით, 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით, აუქციონის წესით სულ რეალიზებულია 1763 უძრავი ქონება, სადაც 376 შემთხვევაში კრედიტორებს კომერციული ბანკები წარმოადგენს, რაც საერთო რაოდენობის 21,3%-ია. 298 შემთხვევაში კრედიტორები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებია, რაც 17%-ის ტოლია, ხოლო დანარჩენ 1089 შემთხვევაში კი კრედიტორებს მევახშეები წარმოადგენენ, რაც მთლიანი ოდენობის 61,8%-ია. რეალიზებულ უძრავ ქონებაში კომერციული ბანკების წილი 3.2%-ით და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 0.5%-ით გაიზარდა, ხოლო მევახშეების წილი კი 3.7%-ით შემცირდა.

როგორც "საზოგადოება და ბანკებში" აცხადებენ, კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაყიდულ უძრავ ქონებას კვლავ ყველაზე დიდი წილი - 62% - უკავია. კერძო მევახშეების სფერო საქართველოში ლეგიტიმურია, მაგრამ რეალურად დაურეგულირებელი.

"კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაყიდულ უძრავ ქონებას კვლავ ყველაზე დიდი წილი უკავია. ეს შემაშფოთებლად მაღალი მაჩვენებელია, რაც ისედაც რთულ ეკონომიკურ ვითარებაში მყოფი მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. შარშანწინ შემოვიდა გარკვეული რეგულაცია, რომელიც კერძო იპოთეკარებს ეხება. ისინი 2014 წლის 1-ლი მარტიდან ვალდებულნი გახდნენ, იპოთეკის ხელშეკრულება ნოტარიულად დაამოწმებინონ. ასევე დაუწესდათ სესხის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი, რომელიც თვეში 3.68%-ს შეადგენს (რაც განახლებადია). თუმცა ეს რეგულაციები, როგორც მონაცემებიდან ჩანს, ჯერჯერობით საკმარისი არ არის", - აცხადებენ "საზოგადოება და ბანკებში".

რაც შეეხება 2015 წელს, როგორც "ბიზნეს-რეზონანსს" ორგანიზაციაში განუმარტეს, დასაკუთრებულ ქონებასთან დაკავშირებით კვლევას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებენ. თუ წინა წლების ტენდენციას გავითვალისწინებთ, არ არის გამორიცხული, რომ შარშან იძულებით აუქციონის წესით გასხვისებული ქონების საერთო რაოდენობა შემცირებული იყოს.

"საერთოდ, უძრავი ქონების იძულებითი წესით გასხვისების პიკი იყო 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდში, როდესაც ძალიან ბევრი პრობლემური ვალდებულება წარმოიშვა. შემდეგ უკვე წამოვიდა კლებისკენ. ვიმედოვნებ, წინა წლებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი შემცირებული იქნება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ.

საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა ამბობს, რომ საბანკო სექტორში მომხმარებლების ინტერესი აბსოლუტურად იგნორირებულია, რაც კანონმდებლობის ხარვეზია. გაცილებით მძიმე მდგომარეობაა ამ მხრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, რომელთა მიმართ რეგულაცია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში სუსტია.

"პრობლემა ისაა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არ უნდა გასცემდნენ იპოთეკურ სესხებს, ეს მათი კომპეტენცია არ არის. წესით, ისინი დამწყებ ბიზნესს უნდა ეხმარებოდნენ. მიკროსაფინანსოების საქმიანობა კანონმდებლობით არის დასარეგულირებელი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სესხის მაქსიმალური ზღვარი 50 000 ლარი ჩამოვიდეს 15000-20000-მდე. ამის შემდეგ მიკროსაფინანსოები მათზე დაკისრებულ ფუნქციებს შეასრულებენ", - აცხადებს ელიავა.

მისი აზრით, ეროვნული ბანკისა და შესაბამისი ორგანიზაციების მხრიდან უნდა გამკაცრდეს კონტროლი, რასაც სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება.

"საქართველოში საბანკო სფეროს მომხმარებელი დაუცველია. ისინი აბსოლუტურად მინდობილნი არიან ბიზნესზე. სახელმწიფო სწორედ იმისთვის არსებობს, რომ დაიცვას მოსახლეობის ინტერესები, მათ შორის, საფინანსო მომსახურების სფეროში. მართალია, მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონი არსებობს, მაგრამ მას აუცილებლად გაფართოება სჭირდება. შინაარსობრივად იგი იმდენად მწირია, რომ მომსახურების ყველა სფეროს ვერ მოიცავს. თუ არ შეიცვალა მიდგომა და ბანკის კლიენტს არ დაიცავს კანონმდებლობა, შედეგად უსახლკაროთა არმიას მივიღებთ და საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა გაღატაკდება", - აცხადებს ლია ელიავა.

ევროკავშირის ქვეყნებს ევროსაბჭოსგან მიღებული აქვთ სპეციალური დირექტივა, სადაც აღნიშნულია, რომ გირაოდ არ შეიძლება კომერციულმა ბანკმა აიღოს ფიზიკური პირის ერთადერთი საცხოვრისი თუ მას სხვა თავშესაფარი არ გააჩნია. ეს არის საყოველთაოდ მიღებული ნორმა, რომელსაც ცივილური ქვეყნები იზიარებენ. იმ შემთხვევაში, თუ ეს ნორმა საქართველოშიც დამკვიდრდება, მაშინ ქვეყანაში ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხე არავის დაემუქრება. სხვა შემთხვევაში, პრობლემა ისევ გადაუჭრელი დარჩება.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"